ფეხბურთი

21:37 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივო შუშაკი - ხორვატი, რომელსაც საქართველო ახსოვს

“რუსეთთან გამარჯვების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ასე გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, შემრაცხეს, როგორც გმირი”, - იხსენებს ივო შუშაკი ხორვატულ ინტერნეტპორტალ 24sata.hr-ისთან ინტერვიუში ქართულ წარსულს.

ივო შუშაკი 68 წლის ხორვატი სპეციალისტია, რომელიც საქართველოს ძალიან კარგად იცნობს. იგი 2002-2004 წლებში თბილისის “დინამოს” ავარჯიშებდა და იმის შემდგომაც, არაერთხელ სტუმრებია ჩვენს ქვეყანას. 2003 წელს კი, მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც უხელმძღვანელა ორ შეხვედრაში – ირლანდიასთან დუბლინში და მანამდე, თბილისში რუსეთის ნაკრებთან ისტორიული თამაშიც მოგავგებინა.

“მივიღე გამოწვევა – რუსეთთან მატჩი საქართველოს თბილისში არ უნდა ჩაეტარებინა, რადგან მანამდე საშინაო თამაშისას მოედანზე დანა ისროლა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა. თუმცა, საბოლოოდ, მატჩს მაინც უმასპინძლა. ამ მატჩმა კი დიდი კვალი დატოვა საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს.

საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, მე იქ კიდევ 7-8-ჯერ დავბრუნდი. რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდული გუნდი იყო, რომლებიც ახლა გაიზარდნენ – მოხარული ვარ, რომ მათ ისევ ვნახავ. საერთოდ, ქართველები თბილი და მეგობრული ხალხი არიან. ჩვენთან რაღაც მსგავსება აქვთ. მათ ისე მიმიღეს, როგორც საკუთარ სახლში”.

რთული ცხოვრება XXI საუკუნის დასაწყისში

“იმ პერიოდში თბილისში ცხოვრება ძალიან ჭირდა. ვინც მუშაობდა, ხელფასი 50 დოლარი ჰქონდათ. ელექტროენერგია დღის განმავლობაში ხშირად არ იყო. დიდი სიღარიბე სუფევდა თბილისში, მაგრამ სიტუაცია მერე მართლაც გაუმჯობესდა. საქართველო საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვს ემორჩილებოდა – ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო სასოფლო სამეურნეო ადგილებიც”.

“დინამო” VS “დინამო”

“ძალიან რთული თამაში იქნება ქართველებთან. ისინი ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობას არასდროს უჩიოდნენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაკრებს 3-4 ქართველი კაპიტნობდა. თუმცა, ამჟამად ჩვენი “დინამო” უფრო ძლიერი გუნდია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მისაღები შედეგით ჩავიდეს. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ იქნება ადვილი”.

ფატალური თემურ ქეცბაია

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხორვატიაში ცუდად ახსენდებათ. საქმე ისაა, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ხორვატიას 2011 წელს, 1:0 მოუგო, ხოლო ფეხბურთელობისას 1997 წელს, “ნიუკასლის” რიგებში ზაგრებში გოლის გატანა მოახერხა 120 წუთიან თამაშში. ხორვატული მედია, სიხარულით აღნიშნავს, რომ ქეცბაია ამჟამად საქართველოში არ მუშაობს და ათენის “აეკს” უდგას სათავეში.

“ქეცბაია და მე კარგი მეგობრები ვართ. ბოლოს, როცა საქართველოში ვიყავი, მან თავის სახლში დამპატიჟა პიკნიკზე”, - ამბობს შუშაკი.

ივო შუშაკს საქართველო კარგად ახსენდება და ქართველებსაც, მაგრამ ახლა იგი მეტოქის ბანაკშია. გამოცდილი სპეციალისტი ორი კვირა არაა, რაც ზაგრების “დინამოს” აკადემიაში დაასაქმეს. მოახლოებული შეხვედრა კი, სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.173153