საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-8 ადგილზე დაასრულა. ტურნირის ბოლო, საკვალიფიკაციო მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა დიდ ბრიტანეთთან წააგეს და მე-8 ადგილს დასჯერდნენ.
ზოგადად, 21 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი არ გახლავთ ცუდი შედეგი, თუმცა დასანანი ისაა, რომ პლეი ოფში გასვლის შემდეგ ქართველებმა ყველა მატჩი ისე წააგეს, წარმატების შანსი არ ჰქონიათ. ისლანდიასთან და ბოსნიასთან უიმედოდ წაგებულ მატჩებს ქართველებმა დიდ ბრიტანეთთან 36-ქულიანი მარცხი მოაყოლეს - 41:77.
საქართველოს ნაკრებმა 2 ტანმაღალი კალათბურთელის – გიორგი ტურძილაძისა და იოსებ გოგნაძის გარეშე ითამაშა. დავით ლომიძე მოედანზე მხოლოდ 10 წუთით გამოჩნდა. ერთი სიტყვით, ქართველები არ იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.
ჩვენს ნაკრებში 11 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით ლევან მასხულია გამოირჩა. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა გიორგი თვალაბეიშვილმა. ამით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მე-7 ადგილისთვის. ხალკიდა. საბერძნეთი
დიდი ბრიტანეთი – საქართველო 77:41
www.gbf.ge