სხვა

19:57 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსები ბრაზილიაში მიდიან, ოღონდ, შეთხელებულად

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ოლიმპიური დელეგაცია 2016 წლის ზაფხულის თამაშებზე გაემგზავრება, თუმცა, მთელი რიგი პუნქტების გათვალისწინებით, რუსები ბრაზილიაში, შესაძლოა, განახევრებული შემადგენლობით ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსების ოლიმპიადიდან ჩამოშორების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მათი და დოპინგის “მეგობრობის” შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. 18 ივლისს თავისი დასკვნა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელმა კომისიამაც გამოაქვეყნა. იქ მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ რუსი სპორტსმენების დოპინგით მომარაგებაში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული.

ახლა, მთავარზეც. სოკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოლიმპიადაზე ვერ ვიხილავთ ვერცერთ რუს სპორტსმენს, რომელიც დოპინგის მიღებაშია მხილებული. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფაქტი წლეულს დაფიქსირდა თუ 10 წლის წინ. დასჯილთა რიგებში ხვდებიან ისინიც, ვინც დისკვალიფიკაციის ვადა უკვე მოიხადა.

ამას გარდა, იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც ბრაზილიაში გაემგზავრებიან, WADA-ს და შესაბამისი სპორტული ფედერაციის მხრიდან უმკაცრესი კონტროლი ექნებათ და რომელიმე ტესტის “ჩაგდების” შემთხვევაში, რიოდან შინ გამოამგზავრებენ.

აი, დანარჩენი სპორტსმენების ბედი კი ცალკეული სპორტული ფედერაციების მიერ იქნება განსაზღვრული და ძაღლის თავიც აქაა დამარხული. წინასწარ ცნობილია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალებათ იმ ფედერაციებს, რომელთა 1 სპორტსმენის გვარიც კი WADA-ს აღნიშნულ დასკვნაში იქნა ხსენებული. ამის გათვალისწინებით, რუსული დელეგაცია კიდევ რამდენიმე ათეული სპორტსმენით უნდა შეთხელდეს.

ძალაში დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დარია კლიშინას გარდა, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერცერთი რუსი მძლეოსანი (ჯამში 68) ვერ მიიღებს. მათი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) ადრევე მიიღო და ის, ცხადია, ძალაში რჩება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ტომას ბახის განცხადებით, აღნიშნული ვერდიქტი თითქმის ერთხად იქნა მიღებული: “ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, რუს სპორტსმენებს პასუხი კოლექტიურად ეგოთ. ამასთან, გვინდოდა, პატიოსანი რუსებისთვის შანსი მიგვეცა, რათა ისინი სხვებისთვის მაგალითი გამხდარიყვნენ”.

იმავე ბახის თქმით, რუსეთის სპორტის სამინისტროს ვერცერთი წარმომადგენელი რიოს თამაშებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებს.

თეგებიტომას ბახი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064205