სხვა

15:49 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება (+VIDEO)
გაგმარუ დასკვნითი შერკინების მოლოდინშია

ნაგოიას ბაშოს ბოლოსწინა დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მე-5 გამარჯვება იზეიმა. დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოის იორიკირით სძლია.

ქართველი სეკიტორი დასკვნით ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოდაისთან გამართავს, რომელსაც ზურგს 9 გამარჯვება უმაგრებს.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს 12 მოგებით სათავეში მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი უდგას, რომელმაც ოძეკი გოეიდოს უვატენაგეთი სძლია. 11-11 გამარჯვება აქვთ აქტივში ოძეკი კისენოსატოს და აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ტაკანოივას. ცნობისთვის, კისენოსატომ იოკოძუნა ჰაკუჰოს ცუკიოტოშით აჯობა და მე-4 მარცხი აგემა.

ივლისის სუპერტურნირის ბოლო დღეს ჰარუმაფუჯი ჰაკუჰოს შეერკინება და გამარჯვების შემთხვევაში, “იმპერატორის თასსაც” დაეპატრონება, თუ არადა, კონკურენტებს მისი დაწევის შანსი ექნებათ და ყველაფერი დამატებით შერკინებებში გადაწყდება.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც 14 დღის თავზე თანაბარი ბალანსი გააჩნია.

ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის პირველი ნომრის წოდებით ირჯება, მე-7 მარცხი დასავლეთის მე-11 ნომერ ამაკაძესთან განიცადა. თუკი გაგამარუ დასკვნით შერკინებაში აღმოსავლეთის მე-7 ნომერ ჩიიოოს აჯობებს, კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) გაიფორმებს.

ნაგოიას ბაშოს მე-14 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 10:06-დან

0.116705