ფეხბურთი

19:41 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" გომეშს მომავალ კვირას გააოფიციალურებს

როგორც კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "ბლაუგრანა" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" ნახევარმცველ ანდრე გომეშს მომავალ კვირას გაიფორმებს. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები ესპანურმა გრანდმა არ გაახმაურა.

Marca-ს ინფორმაციით კი, ევროპის ჩემპიონი "ბარსასთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. კატალონიელები "ღამურებს" ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან და ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე "ვალენსიამ" ბონუსების სახით შესაძლოა კიდევ 20 მილიონი ევრო მიიღოს.

გომეში "ბოავიშტას" აკადემიაში ვარჯიშობდა და 2011 წელს ლისაბონის "ბენფიკამ" წაიყვანა. ერთ წელიწადში ფეხბურთელი მთავარ გუნდში დააწინაურეს და 2014 წელს "ვალენსიაში" ერთწლიანი იჯარის წესით გაანათხოვრეს. ესპანელებს პორტუგალიელის ასპარეზობა მოეწონათ და ახალგაზრდა მოთამაშე 20 მილიონად შეიძინეს.

გასულ სეზონში ანდრემ 41 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. საკლუბო სეზონის შემდეგ, გომეში პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნა იყო. "ვალენსიამ" მადრიდის "რეალს" 65 მილიონი ევრო მოთხოვა, თუმცა "ბლანკოსმა" წინადადება უარყო. 22 წლის ანდრე დენის სუარესის, სამუელ უმტიტის და ლუკას დინიეს შემდეგ, "ბარსას" მეოთხე შენაძენია.

0.113381