სხვა

0:52 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალური პრესკონფერენცია ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ

21 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია გაიმართა.

ჟურნალიტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზვარებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა.

ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს დელეგაციის 76 წევრი. სოფელს გარეთ – 6 წევრი. საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებულია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. 5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

ქართველი ოლიმპიელები ფიცს 23 ივლისს 10:00 საათზე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე დადებენ, დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს 09:30 წუთზე, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს სტადიონ “მარაკანაზე” ჩატარდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.124679