საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტოკჰოლმში დღეს დასრულებულ ევროპირველობაზე უჩვეულოდ ცუდი შედეგი აჩვენა – შვედურ ხალიჩაზე გასული 17 ქართველიდან საპრიზო სამეულში შეღწევა მხოლოდ ერთმა – გიორგი ელბაქიძემ (58 კგ) შეძლო. ისიც ოდენ მესამე ადგილით. ელბაქიძე ევროპოდიუმზე გუშინ ავიდა. დღეს კი ევროპა ქართველების გარეშე დაინომრა.
მედლის ყველაზე რეალური შანსი 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა ვერ გამოიყენა. ძირითად ბადეში მან მოლდოველი ნიკუ კატავეიცა (5:3), ბელარუსი ძიანის სალავეი (6:0) და ბულგარელი დიმიტარ ატანასოვ ანგელოვი (10:0) ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ბერძენ გეორგიოს პილიდისთან დამარცხდა (5:7) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ საბუტაი ამიშოვს დაუპირისპირდა, წააგო (4:6) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
54 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ შვედურ ხალიჩაზე ამირან ვახტანგიშვილიც გავიდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ. პირველ წრეში გერმანელ იოჰანეს მარია ფიოგელს ადვილად აჯობა (10:0). მერვედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ბეკხან ეპენდიევთან დამარცხდა (6:8) და შეჯიბრებას გამოეთიშა.
დღესვე, ევროკონკურენციაში სიმონ სიმონ ბერიძე (46 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ), მირიან მაისურაძე, მიხეილ ბოჭორიძე (ორივე 76 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეც (100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ჩემპიონატზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.
სიმონ ბერიძე მოლდოველი ოქტავიან მიტუსა (10:0) და ბელარუსი სიარჰეი კაპიტკოუს (12:4) ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ასგარ მამადალიევთან დამარცხდა (1:7) და მძლეველის ფინალში გასვლას დაელოდა, თავად ბრინჯაოს ფრონტზე რომ გადართულიყო, მაგრამ მამადალიევი ნახევარფინალს ვერ გასცდა.
დანიელ მარქარაშვილი საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და უკრაინელ ტარას ფურმანს სძლია (10:4). მეოთხედფინალში კი გერმანელ ადრიან ვოლნისთან წააგო (1:2) და ჯერ ოქრო-ვერცხლის, ცოტა ხანში კი ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
მირიან მაისურაძემ და მიხეილ ბოჭორიძემ მშვენივრად დაიწყეს – ორ-ორი ეტაპი დაძლიეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, მაგრამ იქ წაიფორხილეს. ნახევარფინალში კი უკვე მათმა მომგებებმა წააგეს და რეპეშაჟის შანსიც დაიკარგა.
მაისურაძემ თურქ ბარის დოგანს (11:0) და მოლდოველ ივან ნედელკოს (4:1) სძლია და გერმანელ იოჰანეს მარტინ დემლთან ვეღარას გახდა (2:4). ბოჭორიძისთვის დაუძლეველი ზღუდე თურქი მერტ ჩიკმაზი აღმოჩნდა (3:4). მასთან დაჭიდებამდე ჩვენებურმა სომეხი რუბენ ტუნიანი (10:1) და ბერძენი სტავროს ალევიზოსი (3:1) ჩამოიშორა.
მძიმეწონოსანი ელგუჯა ბალანჩივაძე ევროხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა – მერვედფინალში აზერბაიჯანელ ალი ამინზადესთან დამარცხდა (0:12).
ხვალ და ზეგ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებში გამოვლინდებიან. ექვსდღიანი ევროპირველობის ბოლო ორ დღეს კი არენა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმობათ.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ჭაბუკები
სტოკჰოლმი
19-20 ივლისი
42 კგ
1 მაჰირ მამაზადა (აზერბაიჯანი)
2 მაგომედსალიხ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)
3 ჰალილ გოკდენიზი (თურქეთი)
3 არაქელ მოვსესიანი (სომხეთი)
5 დიმიტრი სალდაძე (საქართველო)
46 კგ
1 ალიკ ხადარცევი (რუსეთი)
2 რაზმიკ პაპიკიანი (სომხეთი)
3 ასგარ მამადალიევი (აზერბაიჯანი)
3 მარსელ ბუდაი კოვაჩი (უნგრეთი)
50 კგ
1 ალექსეი კოპილოვი (რუსეთი)
2 ენჯინ ჩეტინი (თურქეთი)
3 ინტიგამ ვალიზადა (აზერბაიჯანი)
3 ჰამზა ალაჩა (თურქეთი)
54 კგ
1 გეორგიოს პილიდისი (საბერძნეთი)
2 არსენ არუთინიანი (სომხეთი)
3 საბუტაი ამიშოვი (აზერბაიჯანი)
3 ალექსანდრ საბანოვი (რუსეთი)
5 გოდერძი ძებისაშვილი (საქართველო)
58 კგ
1 ალი შერიევი (რუსეთი)
2 ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი)
3 გიორგი ელბაქიძე (საქართველო)
3 მუამერ კილიჩი (თურქეთი)
5 ცოტნე აბალაკი (საქართველო)
63 კგ
1 არმან ანდრეასიანი (სომხეთი)
2 ინალ ჯოპუა (აზერბაიჯანი)
3 ადრიან ვოლნი (გერმანია)
3 ხაჯიმურად გაჯიევი (აზერბაიჯანი)
69 კგ
1 არსლან გარაჟიევი (რუსეთი)
2 საიპულა ალიბოლატოვი (რუსეთი)
3 დოგუკან კალაიჩი (თურქეთი)
3 აბუბაქარ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)
5 გოგა მამიაური (საქართველო)
76 კგ
1 დავიდ ბეტანოვი (რუსეთი)
2 რაშად იუსიფლი (აზერბაიჯანი)
3 იოჰანეს მარტინ დემლი (გერმანია)
3 მერტ ჩიკმაზი (თურქეთი)
85 კგ
1 არსენილ ხუბაევი (რუსეთი)
2 ასლანბეკ სოტიევი (რუსეთი)
3 მჰერ მარკოსიანი (სომხეთი)
3 ნაილ სეიარი (თურქეთი)
100 კგ
1 ფეიზულა აკტურკი (თურქეთი)
2 ისმაილ-ბეკ ნიროვი (რუსეთი)
3 ასხაბ ჰამზატოვი (აზერბაიჯანი)
3 ალი ამინზადე (აზერბაიჯანი)