XXI საუკუნეა – ვის რა უკვირს, არც არაფერი. ინტერნეტი ლამის ყველაზე გადაკარგულ ადგილებშიც აღარ წარმოადგენს ოცნების სფეროს და ცოტა უცნაურია, როცა ახლა, სტატიის წერას ამ თემით ვიწყებ. მითუმეტეს უცნაურია, როცა საქმე ეროვნული პირველობის რომელიმე რიგით მატჩს კი არა, უეფას ჩემპიონთა ლიგისას ეხება.
არც ისაა დასამალი, რომ II საკვალიფიკაციო ეტაპი, ჯგუფური ტურნირი არაა და მითუფრო საპლეი-ოფო რანგის თამაში, მაგრამ როგორც და რანაირადაც უნდა იყოს, გინდა არ გინდა, მაინც ჩემპიონთა ლიგაა... ჰოდა, ერევანში რესპუბლიკურ სტადიონზე ინტერნეტის პრობლემა ორი დღის განმავლობაში ვერ მოგვარდა, არადა, ეს ის არენაა, სადაც სომხეთის ეროვნული ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ატარებს. მოკლედ, ამ ქვეყნის პირველი სტადიონია. საინტერესოა, რატომ გამოდგა ასე რთული, დაუძლეველი პრობლემა პრეს-ლოჟაში ინტერნეტის შეყვანა?!
უცნაური იყო ისიც, რომ “ალაშკერტის” პრესსამსახური გამუდმებით სცდილობდა ჩვენს “დახმარებას” - Wi-Fi-ს პაროლი იმდენჯერ შეგვაცვლევინეს, ბოლოს სათვალიც ამერია და მივხვდი, რომ მთელი თამაში ისე ჩაივლიდა, ინფორმაციის მიწოდებას ქართველი მკითხველისთვის ვერ შევძლებდი – ასე აგიხდეთ ყველაფერი, რესპუბლიკურზე ინტერნეტი არ ჩართულა. ისე, ინტერნეტს ვინღა ჩივის, ერევნის ხვატში ლამის უწყლოდ გავლიეთ სული – მასპინძლებმა, მასპინძლობა “გამოიჩინეს” და – სასმელი წყლის გარეშეც აღმოვჩნდით. კიდევ კარგი “დინამოს” შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა და წყალი მანვე მოგვაწოდა...
აბა, აქამდე სადმე, ვინმესგან გსმენიათ, რომ მედიის წარმომადგენლებს წყალს შესვენებისას ფეხბურთელი ასმევდეს?! – თქვენი არ ვიცი და, მე – არა.
საერთოდ, ბევრი ხარვეზი იყო ერევანში წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით და პროფესიონალურობის მხრივ, თორემ სასტუმრო იცოცხლეთ – მეფესავით იგრძნობდით თავს იქ, რომ მოხვედრილიყავით. მაგრამ, სასტუმროს მიღმა? სტადიონზე?
ისეც არ გამოვიდეს, რომ თითქოს ასეთი პრობლემის წინაშე აქამდე არ ვმდგარვართ – ჩვენივე გამოცემა შარშან რუსთავში წერდა გაუსაძლის პირობებზე, იმაზე, რომ “ფოლადზე” შუქი, მატჩის ოქმიც კი არ იყო და ასეთი უამრავი შემთხვევის გახსენებაც შეიძლება. ამიტომაც, სულაც არ გვიკვირს უინტერნეტო არენა, თუმცა გასაკვირი ისაა, რომ ეს თურმე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეიძლება მოხდეს...
ბოლოსკენ დავამატებდი, რომ ამ სიტუაციაზე ერთი ძველი გამოთქმა გამახსენდა – “სანამ უარესს არ ნახავ, უკეთესს ვერ დააფასებო”...
ჰო, “დინამო” თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. წინ ზაგრების მოსახელე გუნდია და იქნებ, ახდეს ნატვრა, ჩემპიონთა თუ არა, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარი მაინც შევაღოთ და მერე, დიდი ფეხბურთი, როგორც მინიმუმ გვიან შემოდგომამდე გაგრძელდება ჩვენში...
სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია