საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში ორი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპირველობაზე გუშინ პოდიუმის მესამე საფეხურზე გიორგი ელბაქიძე (58 კგ) ავიდა. დღეს კი ანალოგიური შედეგისთვის ბრძოლას გოდერძი ძებისაშვილი (54 კგ) აგრძელებს.
ძირითად ბადეში ძებისაშვილმა მოლდოველი ნიკუ კატავეიცა (5:3), ბელარუსი ძიანის სალავეი (6:0) და ბულგარელი დიმიტარ ატანასოვ ანგელოვი (10:0) ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ბერძენ გეორგიოს პილიდისთან დამარცხდა (5:7) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ საბუტაი ამიშოვს დაეჭიდება.
დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით შვედურ ხალიჩაზე ძებისაშვილის გარდა სიმონ ბერიძე (46 კგ), ამირან ვახტანგიშვილი (54 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ), მირიან მაისურაძე, მიხეილ ბოჭორიძე (ორივე 76 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეც (100 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობას დილის პროგრამიდანვე გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.