სტოკჰოლმში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გახსნეს და დღეს ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გაითამაშეს მედლები. ამ რანგის საჭიდაო ტურნირზე პირველად, მონაწილე ქვეყნების ნაკრებებს თითოეულ წონით კატეგორიაში ორ-ორი სპორტსმენის დაყენების უფლება მისცეს.
ახალი ქვოტა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც სრულად გამოიყენა – შვედურ ხალიჩაზე ათი ქართველი სპორტსმენი გავიდა, მაგრამ მედალს მხოლოდ გიორგი ელბაქიძე (58 კგ) შეწვდა.
58 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი ჯერ კიდევ ფინალური ბლოკის დაწყებამდე გაინაღდა, რადგან "ბრინჯაოს ფინალში” ორი ქართველი დაწყვილდა – ელბაქიძე ცოტნე აბალაკს დაუპირისპირდა.
ძირითად ბადეში გამოსვლა ორივემ მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ ალი შერიევთან წაგებით დაასრულა. გიორგი ელბაქიძეს ოქრო-ვერცხლის გზა მეოთხედფინალში ჩაეკეტა (1:7 დამარცხდა), ხოლო ცოტნე აბალაკს – ნახევარფინალში (3:5).
შერიევთან დაჭიდებამდე ელბაქიძემ ლატვიელი ედვარდს ლუტკევიჩისა (10:0) და მოლდოველი ნიკოლაი გრამეზის (8:3) დამარცხება მოასწრო. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი პოლონელ კაროლ იაკუბ ზეგუსს სძლია (6:4).
აბალაკმა ნახევარფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა: აზერბაიჯანელი მურად მამადოვი (3:2), უნგრელი კაროლი კიში (10:1) და უკრაინელი დენის ბოროჰანი (5:2).
ქართულ დაპირისპირებაში კი ელბაქიძემ 2:1 იმარჯვა.
ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება დიმიტრი სალდაძემ (42 კგ) და გოგა მამიაურმაც (69 კგ) მოიპოვეს, მაგრამ მედლამდე ორივეს თითო ნაბიჯი დააკლდა. ორივე თურქ მეტოქესთან დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. სალდაძემ ჰალილ გოკდენიზთან 10:11 წააგო, ხოლო მამიაურმა დოგუკან კალაიჩისთან – 2:3.
ამ ორ წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ევროკონკურენციაში გიორგი გეგელაშვილი (42 კგ) და გიორგი ბრეგვაძეც (63 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საბოლოოდ ორივემ მე-7 ადგილი დაიკავა.
დღესვე, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 50 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო. 50 კილოგრამში საქართველოს ნაკრების სახელით თამაზ შავაძემ და თორნიკე ქათამაძემ იჭიდავეს, ხოლო 85-ში – სიმონ ოკსანიანმა და ლაშა ბაირამოვმა.
ხვალ, თავისუფალ ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება – 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კი ევროხალიჩაზე გავლენ: სიმონ ბერიძე (46 კგ), ამირან ვახტანგიშვილი, გოდერძი ძებისაშვილი (ორივე 54 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ), მირიან მაისურაძე, მიხეილ ბოჭორიძე (ორივე 76 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100 კგ).
თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. ჭაბუკები. სტოკჰოლმი
19 ივლისი
42 კგ
1 მაჰირ მამაზადა (აზერბაიჯანი)
2 მაგომედსალიხ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)
3 ჰალილ გოკდენიზი (თურქეთი)
3 არაქელ მოვსესიანი (სომხეთი)
5 დიმიტრი სალდაძე (საქართველო)
50 კგ
1 ალექსეი კოპილოვი (რუსეთი)
2 ენჯინ ჩეტინი (თურქეთი)
3 ინტიგამ ვალიზადა (აზერბაიჯანი)
3 ჰამზა ალაჩა (თურქეთი)
58 კგ
1 ალი შერიევი (რუსეთი)
2 ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი)
3 გიორგი ელბაქიძე (საქართველო)
3 მუამერ კილიჩი (თურქეთი)
5 ცოტნე აბალაკი (საქართველო)
69 კგ
1 არსლან გარაჟიევი (რუსეთი)
2 საიპულა ალიბოლატოვი (რუსეთი)
3 დოგუკან კალაიჩი (თურქეთი)
3 აბუბაქარ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)
5 გოგა მამიაური (საქართველო)
85 კგ
1 არსენილ ხუბაევი (რუსეთი)
2 ასლანბეკ სოტიევი (რუსეთი)
3 მჰერ მარკოსიანი (სომხეთი)
3 ნაილ სეიარი (თურქეთი)