სხვა

19:47 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადა რუსების გარეშე?
სოკ-ი გადაწყვეტილების მისაღებად ხვალ შეიკრიბება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 19 ივლისს რუსი სპორტსმენების გარშემო ატეხილი დოპინგ-სკანდალის თემას განიხილავს და დიდი შანსია, ყველაფერი რუსული სპორტისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდეს. იმ გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოს ანტიდოპინგური კომისიის (WADA) დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე რიჩარდ მაკლარენმა გამოაქვეყნა, მსოფლიო მასმედია იმ აზრისკენ იხრება, რომ რუს სპორტსმენებს მოახლოებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალებათ.

და რა ისაუბრა კანადელმა მაკლარენმა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე? ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი კომენტარებიდან: “ამ მოხსენებაში მოყვანილ დეტალებზე პასუხს სრულად ვაგებ. შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვის ლაბორატორია სახელმწიფოს მითითებებით მოქმედებდა. სოჭის ლაბორატორია დოპინგ-სინჯების გაყალბებას ახდენდა, რაც რუს სპორტსმენებს პასუხიმსგებლობისგან თავის არიდების საშუალებას აძლევდა. პროცესის კურირებას რუსეთის სპორტის სამინისტრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ახდენდნენ.

ეს სისტემა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეიქმნა და 2014 წლამდე მოქმედებდა. შედეგად, ტესტების ყველა დადებითი პასუხი უარყოფითი ხდებოდა. ეს ინფორმაცია რუსეთის სპორტის მინისტრს დაწვრილებით მიეწოდებოდა, შემდეგ კი სინჯების გაყალბებაში ყველა საჭირო სამსახური ერთვებოდა”.

შეგახსენებთ, რომ რუსული დოპინგ-სკანდალის შესახებ პირველი ცნობები გასული წლის მაისში მოსკოვის ანტიდოპინგური კომისისის ყოფილმა თავმჯდომარე გრიგორი როდჩენკოვმა გაახმაურა. მან ინტერვიუ New York Times-ს მისცა და აღნიშნა, რომ სპეციალური დოპინგ-პროგრამა 2014 წელს სოჭში ჩატარებული ოლიმპიადის წინ შეიქმნა და ის რუს სპორტსმენებს შინაურ კედლებში უკეთ ასპარეზობაში უნდა დახმარებოდა.

მას შემდეგ, მსოფლიო პრესაში აღნიშნულ თემას არაერთი წერილი მიეძღვნა, რუს მძლეოსნებს კი რიოში ასპარეზობა აეკრძალათ. ახლა, საქმე კიდევ უფრო სერიოზულ სახეს იღებს, რაზეც სულ ახლახანს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის თომას ბახის მიერ ტვიტერის საშუალებით გავრცელებული განცხადებაც მოწმობს.

“იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც მაკლარენმა თავის მოხსენებაში მოგვაწოდა, შეგვიძლია ვისაუბროთ შოკისმომგვრელი და უპრეცენდენტო თავდასხმაზე ოლიმპიურ თამაშებსა და სრულიად სპორტზე. აქედან გამომდინარე, უეჭველია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არსებული სანქციებიდან ყველაზე მკაცრს გამოიყენებს. დაისჯება ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ამ თემასთან კავშირში გახლდათ”.

0.104172