ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ივლისის სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ჯერჯერობით, უარყოფით ბალანსსა და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებას გადაურჩა.
დასავლეთის სეკივაკეს ტიტულის მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის ოძეკი გოეიდო იორიკირით დაამარცხა და 7 მარცხის წილ მე-2 მოგება დააფიქსირა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგანაც ქართველ გოლიათს კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) დარჩენილი ექვსივე შერკინების მოგება სჭირდება.
ხვალ ტოჩინოჩინის ურთულესი დაპირისპირება ელის. ლევანის მეტოქე მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელმაც დღეს მე-2 მარცხი განიცადა: “თეთრ ფენიქსს” დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოიმ ჰატაკიმომით აჯობა. ტოჩინოშინს ჰაკუჰოსთან გასული 22-ვე (!) შერკინება წაგებული აქვს და იმედია, ბოლო-ბოლო, ნავსის გატეხვას მოახერხებს.
საინტერესოა, რომ დამარცხდა მე-2 მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯიც (ასევე ჰატაკიკომით, დასავლეთის მე-5 მაეგაშირა იოშიკაძესთან). შედეგად, 8-8 გამარჯვებით ნაგოიას ბაშოს სათავეში ოძეკი კისენოსატო და კომუსუბი ტაკაიასუ დარჩნენ.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა 4 მოგების წილ მე-5 მარცხი (უვატედაშინაგეთი) დასავლეთის მე-3 ნომერ ჩიიოშომასთან განიცადა.
გაგამარუ, რომელიც ძურიოში აღმოსავლეთის პირველი ნომრის სტატუსით ირჯება, შემდეგ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-6 ნომერ სატოსთან ჩაატარებს. ამ უკანასკნელს ქართველის დარი ბალანსი აქვს.
ნაგოიას ბასოს მე-9 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 10:03-დან