ფეხბურთი

0:21 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

ქუთაისის “ტორპედო” ორკვირიან უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრა. იმერული კლუბი გარდამავალი ჩემპიონატისათვის სამზადისს ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მთიან რეგიონში, ქალაქ ბოლუში აგრძელებს.

ქუთაისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ტორპედოელები გვიან ღამით საკუთარი ავტობუსით ტრაბზონის აეროპორტში ჩავიდნენ, საიდანაც გამთენიისას „პეგასუსის“ ავიალაინერით სტამბოლამდე იფრინეს. უსაფრთხოების მხრივ გუნდს არანაირი პრობლემა არ შექმნია.

სტამბოლიდან ბოლუმდე 200-კილომეტრიანი გზა ქუთაისელებმა ისევ ავტობუსით დაფარეს და დანიშნულების ადგილზე, კომფორტულ სასტუმრო „კარა ოტელში“ დაბინავდნენ.

აქ ყველა პირობაა შექმნილი ნორმალური დასვენებისათვის და სავარჯიშო მოედანიც სასტუმროდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. მისი გაზონი ტორპედოელებმა საღამოს პირველად მოსინჯეს.

„კარა ოტელში“ დღეისათვის „ტორპედოს“ გარდა თურქული კლუბები - „შანლიურფასპორი“ და „ბანდირმასპორი“ არიან დაბინავებულნი.

რაც შეეხება ტორპედოელთა პირველ სპარინგს, 20 ივლისს გუნდი აზერბაიჯანის უმაღლესლიგელ “სუმგაითს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელის კობა ჟორჟიკაშვილის განკარგულებაში ბოლუში 25 ფეხბურთელია.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ტარიელ ხაინდრავა;

მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, გიორგი ნერგაძე, გიორგი გურული, იურგენ კოლინი, გიორგი ქიმაძე, გიორგი გავაშელიშვილი;

ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, გუგა ფალავანდიშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ავთო ენდელაძე, გაბრიელ საღრიშვილი, თენგიზ ბრეგვაძე, ვანო წილოსანი, ალექსი ბენაშვილი, ცოტნე მესხი, გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში;

თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, თორნიკე კაპანაძე, ვახტანგ კვარაცხელია.

თურქეთში შეუერთდება გუნდს 24 წლის ფრანგი (წარმოშობით კამერუნელი) ნახევარმცველი ფრანკ მბარგა, რომელიც გერმანული „ჰოფენჰაიმის“და „ვალდჰოფის“ სარეზერვო გუნდებში თამაშობდა.

მბარგამ კარიერა საბერძნეთში, გიანიტსას „ანაგენისში“ და გაზოროსის „ეთნიკოსში“ გააგრძელა. ამის შემდეგ ბულგარეთის უმაღლესლიგელ „სლავიაში“ (სოფია) ირჯებოდა. ფრანკ მბარგას ბოლო გუნდი თურქეთის პირველლიგელი „ტრაბზონი 1461“ გახლდათ.

0.121932