საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მცირე ხნის წინ დასრულებულ მატჩში ქართველებმა ლიტვას სძლიეს და კონტინენტის პირველობის საგზურს დაეპატრონნენ.
მეოთხედფინალურ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა ბალტიისპირელები 18:12 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურთან ერთად ევროპირველობის ფინალური ეტაპზე წასვლის უფლებაც მიიღო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 3-5 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდი მოიყრის თავს.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირი უნგრეთის ქალაქ შოლნოკში მიმდინარეობს, სადაც თავი 12-მა ნაკრებმა მოიყარა და 4 საუკეთესო ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
პირველი ნახევარფინალისტი და შესაბამისად, კონტინენტის პირველობაზე გასული გუნდი საქართველოა, რომელმაც ჯგუფში ჰოლანდია (19:7) და სლოვაკეთი (19:14) დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ლიტველებს სძლია.
ნიკა ლოლიშვილის, ნიკა წირღვავას, დავით აფხაზავასა და გიორგი კორსანტიას შემადგენლობით საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ჩეხეთს შეხვდება, რომელმაც მეორე მეოთხედფინალში საფრანგეთს 21:17 აჯობა.
მთავარი მიზანი მიღწეულია – საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ახლა ჩვენები საკვალიფიკაციო ეტაპზე მაქსიმალურად მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
მე-2 ნახევარფინალში მასპინძელი უნგრეთი ბელგიას ეთამაშება. საქართველოსა და ჩეხეთის ნახევარფინალური მატჩი კი თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება და მისი ნახვა Youtube-ის წარმოდგენილ არხზე შეგეძლებათ.
www.gbf.ge