კალათბურთი

18:12 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიაში გამგზავრების წინ ეროვნული ნაკრების წევრებმა ღია ვარჯიში გამართეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციო ციკლი 31 აგვისტოს, ალბანეთთან მატჩით დაიწყება.

ალბანელებთან ერთად შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან სლოვაკეთი და მონტენეგრო არიან და ფინალური ეტაპის საგზურს პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, მთლიანობაში კი არსებული 7 შესარჩევი ჯგუფიდან ევრობასკეტ-2017-ის საგზურები ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.

31 აგვისტომდე ეროვნულ გუნდს თვენახევრიანი მოსამზადებელი ეტაპი და 10 სპარინგ-მატჩი ელის. უკვე მე-4 წელია, საქართველოს ნაკრები შეკრებას სლოვენიით იწყებს, სადაც დაბა პოტრჩეტრტეკის მყუდრო და კეთილმოწყობილ სპორტულ კომპლექსში დაბინავდება.

ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება 3 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველო პირველ ამხანაგურ მატჩს პოდჩეტრტეკში, პორტუგალიასთან 2 აგვისტოს ჩაატარებს, რის შემდეგაც მოსკოვში გადაინაცვლებს და 5-ში – ბელარუსს, ხოლო 6 აგვისტოს რუსეთს დაუპირისპირდება.

მოსკოვიდან საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 12-14 აგვისტოს თბილისის მერიის ტრადიციულ თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთან ერთად ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები.

ილიას ზუროსის გუნდს საკმაოდ კარგი სპარინგი ელის 18-19 აგვისტოს რუმინეთთან, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტის ოთხიდან ერთ-ერთი მასპინძელია. რუმინეთის დედაქალაქიდან ჩვენი ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს, სადაც 24-25 აგვისტოს ქალაქ ვლოცლავეკში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ნახევარფინალების შემდეგ ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში ანუ ნახევარფინალში მასპინძელ პოლონეთს შეხვდება, შემდეგ კი, შედეგიდან გამომდინარე, ან ფინალს, ანაც მესამე ადგილისთვის მატჩს ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში შვედეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ლაშა გამყრელიძე, რომლებიც „ბ“ ნაკრების წევრმა – ბექა წივწივაძემ ჩაანაცვლა. ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში დარჩება. სლოვენიაში მის მაგივრად „ბ“ ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გაემგზავრება.

სლოვენიაში არ მიემგზავრება 4-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში კვლავ გამოძახებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ასევე „ბ“ ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა ჩაანაცვლა. სლოვენიურ შეკრებას გამოტოვებს ზაზა ფაჩულია, რომელმაც ნბა-ში გადატვირთული სეზონი ჩაატარა, რამდენიმე დღის წინ კი კონტრაქტი „გოლდენ სტეიტთან“ გააფორმა და ახლაც ამერიკაში იმყოფება.

ეროვნული გუნდის კაპიტანი ნაკრებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასზე.

გაირკვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის ვინაობა. აქამდე დასახელებული კანდიდატებიდან შეირჩა ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელიც საქართველოში 14 ივლისს ჩამოვიდა და დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი მას-მედიისთვის ღია იყო, რის შემდეგაც მას-მედიელებს ნაკრების წევრებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ.

ვიქტორ სანიკიძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): "თბილისში დაწყებულ მოსამზადებელ ეტაპს უფრო გაცნობითი სახე ჰქონდა სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის. სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. რამდენიმე მოთამაშე კი "ბ" ნაკრებიდან დაგვემატება.

სლოვენიაში შესარჩევი ციკლისთვის დავიწყებთ მზადებას და ვიმედოვნებთ, რომ მწყობრში ვიქნებით. სიახლეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მწვრთნელს თავისი ხედვები ექნება, რაზეც შეკრებაზე ვიმუშავებთ.

მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიაროთ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროს სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ნატურალიზირებულ კალათბურთელს არ ვიცნობთ, თუმცა ვიცით სად თამაშობს და რა მონაცემები აქვს. უკვე ჩამოვიდა და სლოვენიაში ჩვენთან ერთად ივარჯიშებს”.

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ და სლოვენიაში მთელი დატვირთვით სავარჯიშოდ მოვემზადეთ. ილიას ზუროსი ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა. ცდილობს, რომ ყველაფერი დაგვიღეჭოს და ისე მოგვაწოდოს”.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "პირველი დღეებით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა სრული დატვირთვით ჯერ არ გვივარჯიშია. დაბრუნდა თორნიკე შენგელია, რაც ძალიან კარგია. ჩვენთა ერთადაა დიქსონიც. დავკარგეთ ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია კი მოგვიანებით შემოგვიერთდება.

გუნდში გარკვეული სიახლეების დანერგვას ვგეგმავთ და მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი 10 ტესტ-მატჩი უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებაში უნდა დაგვეხმაროს და მათ სავარჯიშოთ გამოვიყენებთ. მათ შორის რუსეთთან გასამართ შეხვედრასაც.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ გუნდში ყოფნა ამ ეტაპზე არ სურს. ნიკოლოზთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ამიხსნა, რომ მომდევნო სეზონისთვის სურს მომზადება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”.

www.gbf.ge

0.162075