სხვა

17:50 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მორიგი მარცხი (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მე-5 დღეს იზეიმა, მომდევნო ტურში კი ისევ მარცხი შეეთხვა.

ტოჩინოშინი, რომელიც კარიერაში პირველად სეკივაკეს (მე-3 წოდება პროფესიულ სუმოში) რანგში ირჯება, დასავლეთის კომუსუბი ტაკაიასუს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. იოლი გამოსათვლელია, რომ ქართველ სეკიტორს 1 გამარჯვების წილ 5 მარცხი მოუგროვდა.

გორგაძე სიტუაციის ოდნავ გამოსწორებას შაბათ დილით ეცდება, როდესაც დოჰიოზე მის პირისპირ ოძეკი კისენოსატო დადგება. არადა, მისია ურთულესია. იაპონელს 6-დან 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და ჯერაც ნაგოიას ბაშოს მოგების ერთ-ერთ კანდიდატად რჩება. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი კისენოსატოსთან 6:15-ს აგებს.

აქვე ვთქვათ, რომ ივლისის სუპერტურნირზე პირველად წაიფორხილა აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა იჩინოჯომ. შესაბამისად, მისი დაწევა მოახერხეს იოკოძუნებმა ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ, ხსენებულმა კისენოსატომ და ტაკაიასუმ.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ცუდად მისდის საქმეები გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, არადა, ის აღმოსავლეთის პირველი ნომერია და უმთავრეს ფავორიტად ითლება.

გაგამარუმ აღმოსავლეთისვე მე-4 ნომერ ჰომარეფუჯისთან ცუკიოტოშით წააგო და 2 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა. ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-5 ნომერი იშიურა იქნება.

ნაგოიას ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 5:30-დან

0.112636