ჭადრაკი

17:25 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი მეათეა

ესპანურ ბენასკეში დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 4 ქართველი მონაწილეობს.

შეჯიბრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 7.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს უკრაინელი ანდრეი ბორიშპოლეცი (2551), რომელსაც 0.5 ქულით ინდოელი კრიშნან სასიკირანი (2639) და რუსი ვლადიმირ ბურმაკინი (2549) ჩამორჩებიან.

შემდეგ 7 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულაა. მათ რიგებში ნინო ბაციაშვილიც (2466) იმყოფება, რომელიც მე-8 ტურში ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ვენესუელელ ედუარდო იტურიზაგა ბონელის (2624) გაეჯიბრა და რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქესთან შავი ფიგურებით საპატიო ყაიმი გააფორმა. დამატებითი მაჩვენებლებით, ბაციაშვილი მეათეა.

ბოლოსწინა მე-9 ტურში ბაციაშვილი თეთრებით პერუელ ემილიო კორდოვას (2620) ეთამაშება. ამ უკანასკნელს მე-6 განთესვა გააჩნია და აქტივში ასევე 6.5 ქულა აქვს.

დანარჩენ ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მერი არაბიძეს (2360) აქვს, რომელიც 5.5 ქულით 35-ე ადგილზეა, სალომე მელიას (2411) 5.0 ქულით 72-ე პოზიცია უკავია, ქეთი წაწალაშვილი (2239) კი 5.0 ქულით მე-80-ეა.

0.118354