მილანის "ინტერის” ბრაზილიელი მცველი ჟუან ჟესუსი ამიერიდან “რომას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “ჯალოროსის” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 25 წლის ფეხბურთელი რომში მომდევნო სეზონს იჯარით გაატარებს, რომელიც დედაქალაქურ გუნდს 2 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ერთი წლის შემდგომ მისი გამოსყიდვაც შეეძლება.
ჟუანმა “რომას” რიგებში პირველი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება უკვე მოასწრო. სამხრეთამერიკელი “ინტერში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და თავიდან სასტარტოს უცვლელი წევრი იყო, მაგრამ გასულ სეზონში ძირითადში იშვიათად ხვდებოდა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 19-ჯერ გავიდა. მანამდე კი სამშობლოში “ინტერნასიონალის” რიგებში გამოდიოდა.