კატალონიის "ბარსელონა" უახლოეს პერიოდში მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელს ლუსიანო ვიეტოს დაიმატებს. როგორც AS-ი იუწყება, ფეხბურთელის აგენტი და "ბარსას" სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი ერთმანეთს შეხვდნენ და არგენტინელი დიდი ალბათობით "ბლაუგრანასთვის" მიმდინარე ზაფხულში მეოთხე შენაძენი იქნება.
ვიეტო მადრიდულ გრანდს გასული წლის ზაფხულში "ვილიარეალიდან" შეუერთდა და მისმა ყოფილმა კლუბმა ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ ევროს მოსთხოვს "როხიბლანკოსი" კონკურენტს და რამდენს სთავაზობს თავად "ბარსელონა" "ატლეტიკოს".
ვიეტოს გასულ სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, თან ტრავმებიც აწუხებდა და ჯამში მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა. სამხრეთამერიკელმა თავი 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შედეგად, ვიეტოს სატრანსფერო ღირებულება 20-დან 15 მილიონ ევრომდე დაეცა.