ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც ივლისის ბაშოს სეკივაკეს რანგში შეხვდა, ნაგოიაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის კომუსუბი კოტოიუკი ჰატაკიმომით დაჩაგრა და 4 მარცხის შემდეგ, დოჰიო გამარჯვებულმა დატოვა. ქართველი სეკიტორის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის კომუსუბი ტაკაიასუ იქნება, რომელსაც ზურგს 4 მოგება უმაგრებს. კარიერის განმავლობაში, ქართველი იაპონელს 10-ჯერ გადაჰყრია და 6:4-ს ამარცხებს.
საინტერესოა, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში პირველად წაიფორხილეს იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკებმა – კისენოსატომ და ტერუნოფუჯიმ. შესაბამისად, ტურნირის სათავეში აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა იჩინოჯო დარჩა, რომელსაც ხუთივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მე-3 მარცხი მიითვალა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის პირველი ნომერია, აღმოსავლეთისვე მე-3 ნომერ სეიროსთან ჰატაკიკომით წააგო.
გაგამარუ ბალანსის გათანაბრებას ხვალ ეცდება, როდესაც აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ჰომარეფუჯის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს გასული 5 ბრძოლიდან 3 აქვს მოგებული.