სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოში სტუმრად მყოფ საერთაშორისო კალათბურთის მაღალჩინოსანს, ფიბა-ს აღმასრულებელ დირექტორს კამილ ნოვაკს უმასპინძლა. სტუმარს ახლდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.
შეხვედრაზე სტუმარ-მასპინძლებმა ისაუბრეს საქართველოში კალათბურთის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, ქართული კალათბურთის ოლიმპიურ პერსპექტივაზე.
სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლო წლების წარმატებულ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატებზე, ისაუბრა ფიბა-ს იმ პროექტებზე, რომლებიც ემსახურება ცალკეულ ქვეყნებში კალათბურთის განვითარებას.
თავის მხრივ ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო სახეობაა და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ნაკრები შეძლებს სალიცენზიო ბარიერის დაძლევას და ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლას.
www.geonoc.org.ge