კალათბურთი

22:31 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსით ყუბანის “ლოკომოტივი” დაინტერესდა
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რუსეთში იმუშავებს?

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, შესაძლოა, ყუბანის “ლოკომოტივის” თავკაცად დაინიშნოს. ამ ინფორმაციას Eurohoops ავრცელებს.

პრაქტიკა, როდესაც ეროვნული გუნდების მწვრთნელები პარალელურად კლუბებშიც მუშაობენ, საკმაოდ მიღებულია, თუმცა, რამდენად იყო აღნიშნულის შესახებ შეთანხმება საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ბერძენ სპეციალისტს შორის, ძნელი სათქმელია.

“ზუროსის, უფრო სწორად კი ჩვენი პლიუსია, რომ იგი უკლუბოდაა და შემადგენლობის შერჩევისთვის საქართველოში ხშირად ჩამოვა. ის დააკვირდება როგორც ეროვნული ნაკრების კანდიდატებს, ისე შედარებით ახალგაზრდებსაც, რომლებმაც მომავალში ეროვნულ გუნდში ეს თაობა უნდა ჩაანაცვლოს. ლეგიონერებსაც უშუალოდ ტრიბუნებიდან დააკვირდება. არ ვსაუბრობ მხოლოდ უმაღლეს ლიგებში მოასპარეზე ლეგიონერებზე”, - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ნაკრების ახალი მწვრთნელის პრეზენტაციისას.

შეგახსენებთ, რომ ზუროსი საქართველოს ნაკრების თავკაცად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა, მალე კი, მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. 17 ივლისიდან ქართველი კალათბურთელები სლოვენიაში პირველ შეკრებას დაიწყებენ, აგვისტოდან კი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები ელით. ცხადია, რომ ილიასს გუნდის ფინალურ ეტაპზე გაყვანის გარდა, ნებისმიერი შედეგი წარუმატებლობად ჩაეთვლება.

იმავე Eurohoops-ის ცნობით, ზუროსის გარდა, “ლოკომოტივი” კიდევ ერთი ბერძენის – ფოტის კაციკარისის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელსაც რუსეთში მუშაობის გამიოცდილება უკვე გააჩნია, გასული წლიდან მოყოლებული კი, ესპანურ “მურსიაში” მოღვაწეობს.

ცნობისთვის, ყუბანელები ახალი მწვრთნელის ძიებით მას შემდეგ დაკავდნენ, რაც გუნდის უწინდელმა თავკაცმა, ასევე ბერძენმა გეორგიოს ბარცოკასმა ესპანური “ბარსელონას” წინადადება მიიღო და კატალონიურ გრანდს ჩაიბარებს.

0.125116