ფეხბურთი

17:19 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მცველი "ბარსელონაში" გაუშვა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი ლუკას დინიე კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. როგორც ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგი ბარსელონაში ხვალ ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “პარი სენ ჟერმენს” 16.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. დინიეს და გუნდის შედეგიანობის მიხედვით შესაძლოა პარიზელებმა ბონუსის სახით 4 მილიონი ევრო მიიღონ. ლუკასის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო იქნება.

დინიე "ლილის" აკადემიის აღზრდილია და პსჟ-ში 2013 წელს გადავიდა. ორი წლის შემდეგ დედაქალაქურმა გუნდმა მცველი "რომაში" გაანათხოვრა და იჯარაში 2.5 მილიონი ევროც მიიღო. როგორც აღმოჩნდა, პსჟ-ს ახალ მწვრთნელის უნაი ემერის გეგმებში დინიე არ შედიოდა და ესპანელებმა სატრანსფერო ბაზარზე იყოჩაღეს.

გასულ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ იტალიური კლუბის რიგებში 42 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში ლუკასის დებიუტი 2014 წლის მარტში ჰოლანდიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა. ფეხბურთელი "მამლებს" ევროპის ჩემპიონატზე ახლდა, თუმცა დიდიე დეშამმა სათადარიგოთა სკამიდან არ წამოაყენა. აღსანიშნავია, რომ "ბარსამ" რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი მცველი, აწ უკვე "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი სამუელ უმტიტი დაიმატა.

0.115763