ესპანეთის ქალაქ ბენასკეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 6 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილს (2466) აქვს. მან შავი ფიგურებით ესპანელი მარიელა პერერა ბორეგო (2136) დაამარცხა და 5.0 ქულით 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მერი არაბიძემ (2360) თეთრებით ესპანელვე ადრიან გომეს დიეგუეზს (2198) სძლია და 4.5 ქულით 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. 4.0 ქულით 55-ე ადგილამდე დაქვეითდა სალომე მელია (2411), რომელმაც შავებით ლიტველ სარუნას სულსკისთან (2525) წააგო. ასეთივე მონაგარი აქვს ქეთი წაწალაშვილსაც (2239), რომელმაც თეთრი ფიგურებით ესპანელ პაბლო მაზა ბროტოს (2071) მოუგო და 68-ე ადგილამდე აღზევდა.
მე-7 ტურში ბაციაშვილი, არაბიძე და მელია თეთრებით ითამაშებენ, შესაბამისად, პოლონელ კრისტოფ იაკუბოვსკისთან (2557), ინდოელ გოპალთან (2565) და ესპანელ ბენხამინ აბელ გარსია რომეროსთან (2198). წაწალაშვილი შავებითYბულგარელ სილვიო დანაილოვს (2448) ეთამაშება.
6 ტურის თავზე ბენასკეს ტურნირს მაქსიმალური შედეგით უკრაინელი ანდრეი ბარიშპოლეცი (2551) ლიდერობს, რომელსაც 0.5 ქულით 5 მოჭადრაკე ჩამორჩება.