თბილისის “დინამოში” ერთწლიანი პაუზის შემდგომ დაბრუნებულმა გიორგი პაპუნაშვილმა “ალაშკერტის” წინააღმდეგ ითამაშა და არცთუ ურიგოდ – გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო. როგორც თვითონ თვლის, ჯერ ბოლომდე ფორმაში შესული არაა, თუმცა საპასუხო მატჩისთვის უკეთესად თამაშს იმედოვნებს.
ამასთან, გიორგიმ გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
“მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. მათ თავისი წვლილი შეიტანეს დღევანდელ გამარჯვებაში, პირველიდან ბოლო წუთამდე გვქომაგობდნენ. ჩემს თამაშს რაც შეეხება, შეცვლაზე შევედი, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში ძირითადისთვის მზად ვიქნები. მომენტები შემექმნა და ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებით მოხდა.
წინ რთული თამაში გველოდება, მაგრამ სოლიდური ანგარიშით ჩავდივართ. მიუხედავად ამისა, მოდუნების საშუალება არ გვაქვს. დღეს გახარებულები ვართ, მაგრამ უფრო ბედნიერნი ვიქნებით თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ”, - თქვა მატჩის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა.