თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშის ქვეშ სანდრო ამინაშვილი იჭიდავებს. მართალია, ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს ოლიმპიური შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ამინაშვილმა რიოს საგზური უკვე გაინაღდა.
მადრიდი გრან პრის მასპინძლობს და მასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მხოლოდ ორი სპორტსმენით: სანდრო ამინაშვილით და დავით მარსაგიშვილით (ორივე 86 კგ) გამოვიდა. წინასწარი გეგმით, ამ ტურნირის შედეგს მწვრთნელები გუნდის ორ უმთავრეს კანდიდატს შორის არჩევანის გასაკეთებლად გამოიყენებდნენ.
წილისყრამ ქართველები ერთმანეთს საწყის ეტაპზევე შეახვედრა და ამინაშვილმა 6:0 იმარჯვა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მედლისთვის ბრძოლას შიდა კონკურენციის ლიდერიც ჩამოშორდა. თავისუფლებმა ესპანურ გრან პრიზე მთავარი საკითხი ადრიანადვე ამოწურეს და პოდიუმისთვის ჭიდაობის გაგრძელება აუცილებლად აღარ ჩათვალეს.
თბილისის დროით 18 საათიდან ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში მინდია წულუკიძე (75 კგ), გელა ბოლქვაძე (80 კგ) და ლაშა გობაძე (85 კგ) ჩაებმებიან.