ლადო დვალიშვილმა წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან". საქართველოს ნაკრების 30 წლის ფორვარდი საკმაო ძალაა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონისთვის. ლადო 18 წლის ასაკში გია გეგუჩაძის მწვრთნელობისას დაწინაურდა "დინამოს" მთავარ გუნდში, ხოლო შემდეგ კახა ცხადაძის თავკაცობისას მოიპოვა ძირითადში ადგილი.
"დინამოს" პრესსამსახურის უფროს გიორგი პავლიაშვილს ვკითხეთ, შესძლებს თუ არა დვალიშვილი სომხეთის "ალაშკერტთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს.
"თბილისის "დინამოს" უეფაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის განაცხადი გაგზავნილი აქვს და იქ დვალიშვილი არ ფიგურირებს, რადგან გაგზავნის დროს ფეხბურთელი "დინამოში" არ იყო გადმოსული. თუმცა კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ლადოს დამატება მოხერხდეს. ორშაბათს გაირკვევა".
დვალიშვილი ოთხ სხვადასხვა გუნდში გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი: თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", ჰაიფას "მაკაბიში" და ვარშავის "ლეგიაში" ორჯერ ზედიზედ. ლადომ გასული სეზონი პოლონეთის "პოგონში" გაატარა.
დვალიშვილმა "დინამოში" პირველად გუშინ ივარჯიშა.
"დინამო"-"ალაშკერტი" 12 ივლისს "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 19 ივლისს სომხეთში - 19:00 საათზე. პავლიაშვილმა 11 ივლისის განრიგი მოგვაწოდა: დინამოელები 19:00 საათზე დაიწყებენ ვარჯიშს, 20:00 საათზე იურაი იარაბეკის პრესკონფერენცია გაიმართება. 19:30 საათზე სომხების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია იქნება, 20:00 საათზე კი სტუმრების ვარჯიში დაიწყება.