ფეხბურთი

1:41 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთხელ სამივემ მოიგო, თუმცა სამივე გავარდა

სამივე ქართული კლუბი დაემშვიდობა ევროპის ლიგას და სამივენი პირველივე ეტაპზე. შარშანდელივით, მწარე ხვედრი ვერ ავიცილეთ თავიდან. სამივე ისე გავარდა, რომ ერთი თამაში მოიგო, მაგრამ ეს ვერავითარი ნუგეში ვერ არის - ეტაპი ორრაუნდიანია.
"სამტრედია" ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დარჩა უშანსოდ, როცა "გაბალასთან" გასვლაზე 1:5 წააგო. ზესტაფონში კი, აბა, სასწაული როგორ უნდა მომხდარიყო.
მატჩის დასაწყისში ქართველები დაწინაურდნენ, როცა ბუდუ ზივზივაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. მალევე, ბაჩანა არაბულსა და იმავ ზივზივაძეს ჰქონდათ მცირე შანსი, თუმცა ვერ გამოიყენეს. ცდილობდა "სამტრედია", ოღონდ რამდენად გამოსდიოდა შეტევები, ეს მეორე საკითხია. ტაიმის ბოლოს კი თეო უიქსმა, რომელმაც ბაქოში სამი გოლი გაუტანა სამტრედიელებს, ამჯერადაც გააკეთა თავისი საქმე: ზენიოვის მწვავე ჩაწოდების მერე ზუსტად დაარტყა და 1:1.
მეორე ტაიმში ნერვიული თამაში არ ყოფილა, თუმცა ქართველებს ჰქონდათ უპირატესობა და იყო მომენტები, როცა შტურმის სახესაც აძლევდნენ შეტვებს. ეს უფრო ბოლო წუთებზე ითქმის, როცა მოედანზე დავით ჯიქია და დავით რაჟამაშვილიც შევიდნენ. ბოლოს მაინც იმ გუნდმა მოიგო, რომელიც კონკრეტულად ამ მატჩში გამარჯვებას იმსახურებდა: გიორგი მჭედლიშვილის კარგ თამაშს ლაშა შერგელაშვილის დარტყმა მოჰყვა და 2:1.

გია ცეცაძე: "მეტოქეს ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას. მართალია, დღეს მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. წინა მატჩში დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ და ვეცადეთ დღეს უკეთ გამოვსულიყავით. მთლიანობაში, სანახაობრივი მატჩი იყო და ბიჭების გარჯით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, 4:0 რომ მოგვეგო. "გაბალა" გავიდა და ესე იგი, ჩვენზე ძლიერია. იქ გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ჩვენ კი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი გააჩნიათ".

7 ივლისი. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი. (პირველი - 1:5)
სამტრედია - გაბალა 2:1 (1:1)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, გორგიაშვილი (მანჯგალაძე 46), ცნობილაძე (რაჟამაშვილი 75), შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, სანდოხაძე, გამყრელიძე (ჯიქია 63), არაბული, ზივზივაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი (სანტოსი 46), სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიხოვი (ჯამალოვი 70), კვეკვესკირი, ოზობიჩი (მუტალიმოვი 52), ზენიოვი, დაბო, უიქსი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
გოლები: 1:0 ზივზივაძე (14 პენ), 1:1 უიქსი (42), 2:1 შერგელაშვილი (90+2)
გაფრთხილება: ვერნიდუბი(25), მჭედლიშვილი (29), მუტალიმოვი (80), მანჯგალაძე (90+3)

0.132956