ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი მიმდინარე ზაფხულში კლუბის გამოცვლას არ აპირებს და "რომაში" დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა Gazzetta dello Sport-ს დაუდასტურა.
"რომას" სპორტული დირექტორი ინგლისში ლონდონის "ჩელსისთან" მოსალაპარაკებლად იყო ჩასული, მანამდე კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა "არისტოკრატების" ინტერესი. როგორც ჩანს ტრანსფერი დეტალები მხარეებმა ვერ შეათანხმეს.
"ყველაფერი კარგადაა, საბატინის ველაპარაკე და "რომაში" ვრჩები." - განაცხადა ბელგიელმა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაინგოლანმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. რაჯა "მგლების" რიგებს 2014 წლის იანვარში "კალიარიდან" იჯარის წესით შეუერთდა, ხოლო იმავე წლის ზაფხულში "რომამ" ფეხბურთელი 15 მილიონად იყიდა. ამჟამად ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.