ჭიდაობა

16:07 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსებმა რიოს ექვსეული ჩამოწერეს

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბულატ თედეევმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. წინასწარი გეგმით, ბრაზილიური განაცხადი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში უნდა შევსებულიყო, იაკუტსკში გამართული რუსეთის ჩემპიონატის შედეგებით, მაგრამ შეჯიბრებაზე ისეთი ამბები დატრიალდა, ნაკრების დასაკომპლექტებლად აღარავის ეცალა – 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩემპიონატის მასპინძელთა ჯილა ვიქტორ ლებედევისა და დაღესტნელი ისმაილ მუსუკაევის მეოთხედფინალური დაპირისპირებისას ლებედევმა მსაჯების აშკარა დახმარებით იმარჯვა, რასაც დაღესტნელთა პროტესტი მოჰყვა და უძლიერესი გუნდის წევრებმა ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს. განუკითხაობა ამითაც არ დასრულებულა, ლებედევისა და ევროპული თამაშების ჩემპიონ ალექსანდრ ბოგომოევის ფინალური შეხვედრის შემდეგ ორივე მოჭიდავე ჩემპიონად გამოცხადდა. საპრიზო სამეულები ისე შეივსო, პროტესტის გამო ხალიჩაზე აღარ გასულან ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შამილ კუდიამაგომედოვი (86 კგ), ევროპის 2-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97 კგ), ევროპის და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი ბილიალ მახოვი (125) და კიდევ ბევრი ანგარიშგასაწევი ფალავანი.

დაღესტნელები საბოლოოდ ოლიმპიური ლიცენზიის გარეშე არ დარჩენილან, მაგრამ ბოიკოტით მაინც დაზარალდნენ. ჯამბულატ თედეევმა შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობის დამტკიცების დამატებითი შანსი მხოლოდ რამდენიმე მათგანს მისცა და მახოვი ოლიმპიურ ექვსეულში დააბრუნა. ყველაზე საინტერესო კი სპეციალისტის მიერ 57 უმსუბუქეს წონაში მიღებული გადაწყვეტილებაა – თედეევმა რიოს განაცხადში ლებედევი შეიყვანა. აქვე რუსეთის ნაკრების სრული შემადგენლობა:

57 კგ - ვიქტორ ლებედევი - მსოფლიოს 2-გზის (2010, 2011) ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი (2015); ევროპის 2015 წლის თამაშების ჩემპიონი.

65 კგ - სოსლან რამონოვი - მსოფლიოს ჩემპიონი (2014) და ბრინჯაოს პრიზიორი (2015).

74 კგ - ანიუარ გედუევი - ევროპის 3-გზის (2013, 2014, 2015) ჩემპიონი.

86 კგ - აბდულრაშიდ სადულაევი – ევროპის და მსოფლიოს 2-2-გზის (2014, 2015) ჩემპიონი.

97 კგ - ანზორ ბოლტუკაევი – ევროპის ჩემპიონი (2016) და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2013).

125 კგ - ბილიალ მახოვი – მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი (2007, 2009, 2010) და ბრინჯაოს პრიზიორი (2015); ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კი მედლები 19-21 აგვისტოს გათამაშდება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს რევაზ მინდორაშვილს ბრაზილიაში წასაყვანი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.

0.122612