როჯერ ფედერერმა “უიმბლდონის” მეოთხედფინალში მძიმე ბრძოლაში ხორვატი მარინ ჩილიჩი ხუთსეტიან მატჩში 6:7, 4:6, 6:3, 7:6, 6:3 დაამარცხა.
მარინ ჩილიჩმა პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა, ხორვატისთვის მეორე სეტის მოსაგებად ერთი ბრეიკი საკმარისი აღმოჩნდა და 2:0 დაწინაურდა.
თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ფედერერი ზედიზედ სამი სეტის მომგებს არ ჰგავდა. მესამე პარტიაში 4:3-ზე როჯერის სასარგებლოდ, შვეიცარიელი ბრეიკს აკეთებს და სეტებში სხვაობას ამცირებს. გარდამტეხი აღმოჩნდა მეოთხე სეტი, სადაც ხორვატ ჩოგბურთელს სამი მატჩ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ფედერერს სამივე შემთხვევაში კარგმა ჩაწოდებამ უშველა. მთელი მატჩის განმავლობაში როჯერი არასტაბილურად თამაშობდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შვეიცარიელი შესანიშნავად თამაშობდა. საბოლოოდ, მეოთხე სეტი ფედერერმა ტაი-ბრეიკზე 11:9 მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში ფედერერი თავის კონკურენტზე ფსიქოლოგიურად უკეთ გამოიყურებოდა. 4:3-ზე როჯერის სასარგებლოდ “დიდი სლემის” 17-გზის ჩემპიონი გამარჯვების მომტან ბრეიკს აკეთებს და “მაესტრო” ნახევარფინალშია, სადაც კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ სემ ქუერი 6:4, 7:5, 5:7, 6:4 დაამარცხა.
ნახევარფინალური შეხვედრა 8 ივლისს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი – რაონიჩს 9:2-ს ამარცხებს.