18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის გოგონათა ტურნირის ერთეულთა ბადეში თამაში მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ბოლქვაძემ ტურნირზე 2 მატჩი მოიგო, მე-3 წრეში კი მე-8 ნომრად განთესილ ამერიკელ სოფოა კენინს ვერ გაუმკლავდა. მარიამმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს პირველი სეტი კი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ბოლქვაძის თამაში მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგანაც 18-წლამდე გოგონათა რეიტინგში საკმაო ქულებს შეიმატებს.
ისიც ვთქვათ, რომ მარიამს ჯერაც სათამაშო აქვს გოგონათა წყვილთა შეჯიბრში. ბოლქვაძე და ამერიკელი კეტი მაკნეილი ჩინელ სიქი ჩაოს და ჩიარა ლომერს გაეჯიბრებიან.