საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დორტმუნდის გრან პრი უმედლოდ ჩაამთავრა. ბეგი დარჩიამ გერმანულ ხალიჩაზე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა, ოღონდ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტები ზედმეტი წონის კლებას აარიდა და შედარებით მაღალ წონით კატეგორიებში აჭიდავა.
შვიდი ქართველიდან მედლის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი შმაგი ბოლქვაძეს (71 კგ) და იაკობ ქაჯაიას (130 კგ) მიეცათ - ორივე რეპეშაჟის ფინალამდე მივიდა, მაგრამ პოდიუმამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
ბოლქვაძე თურქი სელჩუკ ხანისა და ეგვიპტელი აჰმედ სალეჰ იბრაჰიმ ადჰემის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან - გერმანელ მაქსიმილიან შვაბესთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი რუს ადამ კურაკთან წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
იაკობ ქაჯაიასაც ნახევარფინალში ჩაეკეტა ოქროს გზა, რუს ვიტალი შოჰურთან მარცხით. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი - ესტონელი ჰეიკი ნაბი და გერმანელი კრისტიან იონი ჩამოიშორა. პოდიუმის მესამე საფეხურამდე კი ლიტველი მანტას კნისტაუტასის ძლევა დააკლდა.
130 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ რევაზ ნადარეიშვილმაც იჭიდავა, მაგრამ გრან პრის პირველივე წრიდან გამოეთიშა, შვედ იოჰან ეურენთან წაგებით.
რევაზ ნადარეიშვილის მსგავსად, თავის წონით კატეგორიაზე (85 კგ) ერთი წონით მაღლა იჭიდავა რობერტ ქობლიაშვილმაც. 98 კილოგრამის პირველ წრეში ლიტველ რომას ფრიდრიკასს აჯობა. შემდეგ კი ავსტრიელ დანიელ გასტლთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. გასტლმა ქობლიაშვილთან დაპირისპირებამდე, პირველ წრეში კუკური კირცხალიას სძლია.
ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) სულაც, ორი წონითი კატეგორიით მაღლა - 85 კილოგრამში მოსინჯა ძალა, მაგრამ ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა - პირველ წრეში ესტონელ ერიკ აპსთან დამარცხდა.
რევაზ ლაშხი (66 კგ) საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და რუსეთის ნაკრების წევრ არტემ სურკოვთან წააგო. სურკოვი ფინალამდე მივიდა და ლაშხს ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მაგრამ იქაც პირველსავე მეტოქესთან - თურქ ენეს ბაშართან დამარცხდა.