ფეხბურთი

14:47 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” – თურქეთის ბარიერამდე “ზიმბრუა” გასავლელი

რამდენიმე საათში ზესტაფონი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს უმასპინძლებს. 20:00 საათზე “დავით აბაშიძის” სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” კიშინიოვის “ზიმბრუს” დაუხვდება. შეგახსენებთ, სოსო ფრუიძის გუნდმა მოლდოვაში პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო და შესაბამისად, წყვილის ფავორიტია.

კიშიონიოვის თამაშმა გვაჩვენა, რომ “ჩიხურა” მეტოქეზე ძლიერი იყო. მართალია, ცალკარა არ ყოფილა, მაგრამ ფრუიძის გაწვრთნილებმა მაინც დამაჯერებლად მოიგეს. დიმიტრი ტატანაშვილის თავური გადამწყვეტი გამოდგა და ქართველებს კიდევ ჰქონდათ გასატანი – ხან დამამთავრებელ ფაზაში სცოდავდნენ, ორ-სამჯერ კი მოლდოველთა მეკარემაც იყოჩაღა.

შეგახსენებთ “ჩიხურას” შემადგენლობასაც: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა კაშია, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, საბა ლობჟანიძე (ლექვთაძე 57), ივანიშვილი, გაბედავა (დობროვოლსკი 57), ტატანაშვილი

სტუმრად 1:0 მოგება გასვლის გარანტია არაა და ფრუიძემ აღნიშნა კიდეც, ზესტაფონში უფრო რთულ თამაშს ველიო. მოდუნება მართლაც არ იქნება სასურველი, რადგან მოლდოველებს არაფერი ექნებათ დასაკარგი. “ჩიხურას” დააკლდება გიორგი განუგრავა, რომელიც კიშინიოვში მატჩის 62-ე წუთზე გააძევეს ორი ყვითელი ბარათის გამო.

დღევანდელ მატჩს სომხები იმსაჯებენ, მთავარი არბიტრი სურენ ბალიანი იქნება.

საჩხერელები ბოლო ოთხ სეზონში მესამედ არიან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე. 2013 წელს ლიხტენშტაინის “ვადუცი” გამოთიშეს და შემდეგ შვეიცარიის “თუნთან” გავარდნენ, 2014 წელს კი ორი ეტაპი გაიარეს: მაკედონიის “ტურნოვო” და თურქული “ბურსასფორი” ჩამოიშორეს, შემდეგ კი ბაქოს “ნეფთჩის” ვეღარ აჯობეს.

საინტერესოა, რომ თუ “ზიმბრუს” ბარიერს გადალახავენ, საჩხერელები ისევ თურქულ გუნდს შეხვდებიან: “ოსმანლისფორს”, რომელიც თურქულ სუპერლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

0.107643