სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

11:17 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი  ხომერიკი: “იმ პაიკს რა ვუთხარი, დედოფლობაზე რომ არ ოცნებობს’’

პერსპექტიულ ქართველ მოჭადრაკეთა შორის ერთ ერთი საუკეთესო ნინო ხომერიკია, რომელსაც 18 წელი მიმდინარე წლის 10 მარტს შეუსრულდა.

ცოტა ხნის წინ ნინომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია, ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის ახალგაზრდა ვარსკვლავების ტურნირი მოიგო, რომელსაც რუსეთის პატარა ქალაქი კირიში მასპინძლობდა. იგი ერთადერთი გოგონა იყო ასპარეზობის 12 მონაწილეს შორის. არის 14 წლამდელთა მსოფლიო და 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში საქართველოს 10 გზის ჩემპიონი. ნინოს მწვრთნელი მისი მამა გიორგი ხომერიკია.

ქართული ჭადრაკის ამომავალი ვარსკვლავის შესახებ ,,მსოფლიო სპორტი’’ გიორგი ხომერიკს ესაუბრა.

- ნინო როგორ მოხვდა ვაჟ ვარსკვლავთა საერთაშორისო ტურნირზე?

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გაუწია რეკომენდაცია.

- როგორც გამარჯვებულს, პრიზის სახით რა გადასცეს?

- რადგან ბავშვებში ფულადი თანხა არ თამაშდება, პრიზის სახით ძვირფასი საათი აჩუქეს.

- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ ნინოს შესახებ?

- არის ნიჭიერი, მიზანდასახული და თანაც ბეჯითი. უყვარს დისციპლინა. ნაკლს რაც შეეხება, შედარებით მოისუსტებს ენდშპილსა და ტექნიკაში.

- თქვენს გარდა ნინოს სხვა მწვრთნელიც თუ ჰყავს?

- მთელ ჩემს გამოცდილებას ვერ ვახმარ ნინოს, რადგან ოჯახის შენახვის მიზნით იძულებული ვარ სხვა ბავშვებთანაც ვიმუშაო. ამიტომ ჩემი მეგობარი ხვიჩა სუბატაშვილი მეხმარება, რომელიც ნინოს დებიუტში, მე კი ტაქტიკასა და შეტევაში ვავარჯიშებ.

- როგორც პერსპექტიული სპორტსმენი ნინო სახელმწიფოსაგან დახმარებას არ იღებს?

- სახელმწიფოსაგან 300 ლარი აქვს დანიშნული. ჭადრაკის გარდა ბავშვს ფიზიკური მომზადება და ენების სწავლა სჭირდება, ამისათვის კი ეს თანხა არ ჰყოფნის. შედარებისათვის, რუსეთში მისი მონაცემების მქონე მოჭადრაკე სახელმწიფოსაგან 1500 ამერიკულ დოლარს იღებს.

- რა არის ნინოსთვის ჭადრაკში მთავარი მიზანი?

- პირველ რიგში მინდა, რომ ქალთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს და შემდეგ ყველა ტიტული მოიგოს.

- შეძლებს კი მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს კონკურენცია გაუწიოს?

- ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მოჭადრაკე, იფანს რომ აჯობოს, მაგრამ იმ პაიკს რა ვუთხარი, დედოფლობაზე რომ არ ოცნებობს.

- ნინოს უახლოესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- იმისათვის, რომ გაიზარდოს როგორც მოჭადრაკე, სასურველია რაც შეიძლება ბევრ, სერიოზულ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა. წესით , უახლოეს მომავალში 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უწევს თამაში, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, 20 წლამდელებში ვათამაშებდი.

- თქვენ წინააღმდეგი იყავით ნინოს ID ბარათი აეღო და ამის გამო მან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები გამოტოვა...

- მეუფე იობი არ იძლეოდა კურთხევას. მეც ამის გამო არ ავაღებინე ბარათი.

- ბოლოს რატომ დათანხმდით?

-საპატრიარქომ არ დაიჭირა რადიკალური პოზიცია და ამიტომ დავთანხმდი.

- ცოტა თქვენს შესახებაც გვითხარით?

- ვარ ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ეროვნული ოსტატი, მყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი. მათ შორის ნინო შუათანაა. უფროსი ქეთევანი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს მოდის დიზაინის განხრით. უმცროსი ელენე კი ჯერ მხოლოდ მეცხრე კლასის მოსწავლეა.

- ნინოს დებიც ხომ არ არიან ჭადრაკით დაინტერესებულნი?

- ჭადრაკს ქეთევანიც კარგად თამაშობს. ორიგინალური მოჭადრაკეა, მაგრამ სამოდელო სფერომ გაიტაცა და მისი არჩევანის წინააღმდეგ არ წავედი.

- ნინოს სხვა გატაცება თუ აქვს ჭადრაკის გარდა?

- სკოლა წელს დაამთავრა, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია სწავლა სად გააგრძელოს, რადგან მისი ძირითადი გატაცება ჭადრაკია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.103188