ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გრძელდება ქალთა 2015-16 წწ. მსოფლიო საჭადრაკო გრან პრის რიგით IV ეტაპი, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს: ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეთა შორის არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონები – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2512) და მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2545), ევროპის ექსჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი, 2463), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები: ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი, 2578), ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2510) და ოლგა გირია (რუსეთი, 2444) და მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის ერთ-ერთი ლიდერი ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2575). ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონს 10 ათასი ერგება.
3 ტურის თავზე 2.5 ქულით ინდოელები დრონავალი ჰარიკა (2526) და კონერუ ლიდერობენ, რომელთაც 2-2 ქულით კვალში ხოტენაშვილი და სტეფანოვა უდგანან. ბელამ კონერუსთან და სტეფანოვასთან ყაიმები გააფორმა, ერთადერთი გამარჯვება კი დღეს მარია მუზიჩუკთან იზეიმა.
ნაკლები წარმატებით ასპარეზობს ჯავახიშვილი, რომელსაც 1.0 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილი უკავია. ლელამ ჟუსთან და კრამლინგთან პარტიები ყაიმით დაასრულა, ჰარიკასთან კი შავი ფიგურებით დამარცხდა.
მე-4 ტურში, რომელიც 5 ივლისს შედგება, ხოტენაშვილი თეთრებით 0.5 ქულით უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ ჟაოს ეთამაშება, ხოლო ჯავახიშვილი შავებით ანა მუზიჩუკს (2545) გაეჯიბრება. უკრაინელი 1.5 ქულით მე-7 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ჩენგდუ აღმოჩნდა იღბლიანი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის შარშან, როდესაც მათ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. იმედია, რომ ჩვენი წარგზავნილები ამ ტურნირშიც გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კანავარო არ შეიყვანა და ვეთანხმები.
თავდასხმაში ჩემი აზრით ტოტის ნაცვლად გამოკვეთილი ცხრიანი აჯობებდა. პირველ რიგში პაოლო როსი, თუმცა ვიერი ან ალტობელიც შეიძლებოდა.