კალათბურთი

15:43 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში 16 ქართველი კალთბურთელი გაემგზავრა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ”სასკი ბასკონიას” შორის გაფორმებილი ხელშეკრულების ფარგლებში დღეს, გამთენიისას ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში 16 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა. ეს ის მოზარდები არიან, რომლებიც ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა 23-28 მაისს თბილისში ჩატარებულ კემპზე შეარჩიეს.

კომპანია “სასკი ბასკონია” ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, “ლაბორალ კუჩას” მფლობელია და შესაბამისად, თბილისის კემპიც ამ გუნდის მწვრთნელებმა და წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მთლიანობაში 2001-2004 წლებში დაბადებული 60-ამდე პერსპექტიული მოზარდი გამოიცადა, რომელთაგან ესპანელებმა 16 მათგანი შეარჩიეს და ესპანეთში მიიწვიეს.

ისიც ვთქვათ, რომ ქალაქი ვიტორია “ლაბორალ კუჩას” საერთაშორისო საზაფხულო კემპს უმასპინძლებს. 4-16 ივლისს ვიტორიაში თავს მოიყრიან მოზარდები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც “ლაბორალ კუჩას” წარმომადგენლებმა კემპი ჩაატარეს. საქართველოდან ვიტორიაში ყველა დანარჩენ ქვეყანაზე მეტი მოთამაშე ჩავა და წარმატებულებს ესპანეთში დარჩენა და “ლაბორალ კუჩასთან” კონტრაქტი ელოდებათ.

კალათბურთის ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” ერთობლივი ორგანიზებით წარმოდგენილი 16 მოთამაშისთვის შესაბამისი საბუთების შეგროვება განხორციელდა, რის შემდეგაც პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდები ევროპის ერთ-ერთი საუკესთესო ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის მქონე კლუბში გაემგზავრნენ. ვიტორიაში ჩავლენ ჟურნალისტები საქართველოდან, რომლებიც კემპისა და ზოგადად, ფედერაციისა და “სასკი ბასკონიას” თანამშრომლობის ამბებს ქართველ გულშემატკივრებს ოპერატიულად მიაწვდიან.

www.gbf.ge

0.187407