ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდა - დღეს საპრიზო სამეულები გოგონათა და ვაჟთა უმძიმეს წონით კატეგორიებში: +85 და +105 კილოგრამებში შეივსო. მსოფლიო კონკურენციაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ანასტასია გოტფრიდიც ჩაერთო და პოდიუმზეც ავიდა. უფროსებს შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ახალგაზრდებშიც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ატაცში გოტფრიდმა სამივე ცდა წარმატებით დაასრულა (110, 114 და 116 კილოგრამი) და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. მისმა უახლოესმა მდევარმა - ტაილანდელმა დუანგაკსორნ ჩაიდემ 1 კილოგრამით ნაკლები აიტაცა. ჩაიდე და გოტფრიდი ერთ წონაში გამოდიან, მაგრამ მათ პირად წონებში ძალიან დიდი სხვაობაა. ანასტასია 88 კილოგრამს იწონის, ხოლო დუანგაკსორნი - 111-ს. სწორედ ამ 23-კილოგრამიანი უპირატესობით ისარგებლა ტაილანდელმა მძიმეწონოსანმა და მეორე მოძრაობაში მოპოვებული მცირე ოქროს მედლით ორჭიდის ჩემპიონობაც გაინაღდა.
გოტფრიდმა აკვრაში შტანგასთან პირველი ორი მისვლა გამოიყენა - ჯერ 134 კილოგრამი აჰკრა, ხოლო შემდეგ - 140. 145-კილოგრამს კი ვეღარ გაუმკლავდა და მცირე ვერცხლს ორჭიდის (256 კგ) ვერცხლიც მიამატა.
დუანგაკსორნ ჩაიდემ 141, 146 და 150-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილა და საერთო 265 კილოგრამით პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლა გაინაღდა.
„როცა მეტოქე შენზე 23 კილოგრამით მეტს იწონის, ბუნებრივია მეტსაც ასწევს. ამ დროს ცოტა არ იყოს თავს მსხვერპლად გრძნობ. კარგია, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას გადაწყვეტილი აქვს, ქალებში ერთი წონითი კატეგორია კიდევ დაამატოს" - უთხრა ანასტასია გოტფრიდმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ყველაზე ბოლოს, ქართულ ფიცარნაგზე მძიმეწონოსანი ვაჟები გავიდნენ. 12 გოლიათს შორის საუკეთესო შედეგი - 412 (187+225) კილოგრამი სომეხმა სიმონ მარტიროსიანმა აჩვენა, რომელმაც თავისზე 23 და 29 კილოგრამით მძიმე კონკურენტებს: ეგვიპტელ აჰმედ მუჰამედ გაბერსა და სერბ ტამაშ კაჟდოჩს 25 კილოგრამით აჯობა.
ძალოსნობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
თბილისი
2 ივლისი
ვაჟები
+105 კგ
1 სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) 412 კგ (187+225)
2 აჰმედ მუჰამედ გაბერი (ეგვიპტე) 387 კგ (166+221)
3 ტამაშ კაჟდოჩი (სერბეთი) 387 კგ (171+216)
გოგონები
+75 კგ
1 დუანგაკსორნ ჩაიდე (ტაილანდი) 265 კგ (115+150)
2 ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) 256 კგ (116+140)
3 მერსი ოპეიემი ბრაუნი (ბრიტანეთი) 236 კგ (105+131)