სხვა

22:47 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩხეიძემ ოქროს ანგარიში გახსნა

18 წლის ქართველი ძალოსანი გიორგი ჩხეიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია. თბილისი 2015-ის ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ვაჟთა შორის მედლები 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს სახელით კონკურენციაში ორი სპორტსმენი ჩაერთო და ორივე პირველ ხუთეულში მოხვდა.

ჩხეიძემ პირველ მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა – 165, 170 და 172-კილოგრამიანი შტანგები აიტაცა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ამასთან, უახლოეს მდევრებს: ესპანელ მარკოს რუიზ ველასკოსა და ირანელ ალირეზა დეგანგაფაროხს ერთადერთი კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში გიორგი ჩხეიძემ დეგანგაფაროხთან ერთად, ყველაზე მაღალი საწყისი წონა – 207 კილოგრამი შეუკვეთა. წარმატებულადაც დაიწყო და შტანგას 6 კილოგრამი წაამატა, მაგრამ ორი ცდა გაუცუდდა. ზუსტად იგივე შედეგით დაასრულა აკვრა ირანელმაც და ჩვენებურს პირადი წონის უპირატესობით აჯობა. საუკეთესო შედეგი – 210 კილოგრამი კი მეორე მოძრაობაში რუს ნიკიტა სოლოვიევს აღმოაჩნდა. შესაბამისად, ჩხეიძე მცირე ბრინჯაოს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში კი 379 კილოგრამით მაინც გაჩემპიონდა. დეგანგაფაროხი (378 კგ) პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა, სოლოვიევი (375 კგ) – მესამეზე.

ამავე წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ფიცარნაგზე დათო ხეცურიანიც გავიდა და 370 (167+203) კილოგრამით, ცალკეულ მოძრაობებშიც და ორჭიდის ჯამშიც მე-5 ადგილი დაიკავა.

დღესვე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებშიც გამოვლინდნენ, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის წევრი თეონა ჟიჟიაშვილი 129 (61+68) კილოგრამით მე-14 ადგილს დასჯერდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ, ვაჟთა და გოგონათა უმძიმესი წონითი კატეგორიების კონკურენციით დასრულდება. საქართველოს სახელით კი საქმეში ანასტასია გოტფრიდი (+75 კგ) ჩაებმება, რომელმაც წლეულს უფროსებს შორის შეძლო ევროპოდიუმზე ასვლა. შესაბამისად, ახალგაზრდებში მხოლოდ უმაღლესი ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს.

ძალოსნობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

თბილისი

1 ივლისი

ვაჟები

105 კგ

1 გიორგი ჩხეიძე 379 კგ (172+207)

2 ალირეზა დეგანგაფაროხი (ირანი) 378 კგ (171+207)

3 ნიკიტა სოლოვიევი (რუსეთი) 375 კგ (165+210)

5 დათო ხეცურიანი 370 კგ (167+203)

გოგონები

75 კგ

1 ირინა დეხა (უკრაინა) 254 კგ (116+138)

2 ანხცეცეგ მუნხჯანცანი (მონღოლეთი) 253 კგ (115+138)

3 ქსიაომეი ლიანგი (ჩინეთი) 245 კგ (109+136)

14 თეონა ჟიჟიაშვილი 129 კგ (61+68)

0.157857