ლატვიაში მყოფმა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ქალაქ მადონაში იმყოფება, ვალმიერას ოლიმპიურ ნაკრებს შეხვდა და 1 ქულის სხვაობით - 65:66 დამარცხდა.
ვალმიერას ოლიმპიური ნაკრები გახლავთ გუნდი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის კალათბურთელები თამაშობენ. მათ შორის ოთხი 20 წელზე უფროსი იყო, რომელთაგან 2 ლატვიის წლევანდელ ჩემპიონ „ვალმიერას“ ძირითად გუნდში თამაშობდა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მატჩის ბოლო წუთზე 65:63 იგებდა, თუმცა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე სამქულიანი მიიღო და დასანანი მარცხი განიცადა. საქართველოს ნაკრებში 14 ქულით ბომბარდირი გახდა ვილი ისიანი, 12 ქულა დააგროვა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მორიგ სპარინგ-მატჩს ლატვიის 20-წლამდელთა ნაკრებთან, 5 ივლისს ჩაატარებს, რის შემდეგაც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ასევე 2 ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად გადავა.
www.gbf.ge