რუსი კალათბურთელი ტიმოფეი მოზგოვი მომდევნო ოთხ სეზონს “ლოს ანჟელეს ლეიკერსში” გაატარებს, ანაზღაურების სახით კი, 65 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ ინფორმაციას Yahoo! Sports ავრცელებს.
აღნიშნული გარიგება ცოტა უცნაურია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 29 წლის მოზგოვი გასულ სეზონში შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ. მან “კლივლენდ კავალიერსის” მაისურით საჩემპიონო ბეჭედი კი მოიგო, თუმცა, მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა.
ტიმოფეიმ რეგულარულ ჩემპიონატში 76 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17.4 წუთში 6.3 ქულას და 4.4 მოხსნას აგროვებდა, პლეი-ოფში კი თამაში საშუალოდ მხოლოდ 5.8 წუთი უწევდა.
მოზგოვი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა, კალიფორნიელებთან კონტრაქტის ხელმოწერა კი 7 ივლისს შეეძლება, როდესაც ნბა-ში ტრანსფერებზე არსებული მორატორიუმის ვადა გავა.