თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში გუშინ საპრიზო სამეულები ვაჟებში 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსო, ხოლო ქალებში – 63 კილოგრამში. საქართველოს სახელით ფიცარნაგზე ერთადერთი სპორტსმენი – 17 წლის რევაზ დავითაძე გავიდა და 3 წლით უფროსებთან კონკურენციაში საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა.
ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ორივე მოძრაობაში ორ-ორი საწყისი ცდა გამოიყენა. აკვრა 147 კილოგრამით დაიწყო და 151-ით გააგრძელე. მესამე მისვლაზე კი 154 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა და მე-6 ადგილი დაიკავა. ატაცში დავითაძე 177 და 184-კილოგრამიან შტანგებს მოერია, 188 კი ვეღარ ასწია და მე-7 ადგილს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში კი 335 კილოგრამით მე-6 იყო.
ვაჟებს შორის ყველას ჩინელმა ჟიავენ ლიუმ აჯობა, 365 კილოგრამით. პოდიუმის მეორე და მესამე საფეხურებზე კი იტალიელი ანტონიო პიზოლატო (360 კგ) და ყატარელი ფარეს იბრაჰიმ ელბახი (346 კგ) გადანაწილდნენ.
ქალთა შორისაც აზიელი გაჩემპიონდა – ჩრდილოკორეელმა უნ სიმ რიმმა ორჭიდის ჯამში 240 კილოგრამი დააგროვა და უახლოეს მდევარს – მექსიკელ ანალ ილია დურან აიონს 24 კილოგრამით გაუსწრო. ბრინჯაოს მედალს კი ავსტრალიელი კიანა როსე ელიოტი დაეუფლა, 204 კილოგრამით.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებს შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, ხოლო ვაჟებში – 94 კილოგრამში.
ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები. თბილისი. 29 ივნისი
ქალები
63 კგ
1. უნ სიმ რიმი (ჩრდილოეთ კორეა) 240 კგ (105+135)
2. ანა ლილია დურან აიონი (მექსიკა) 216 კგ (94+122)
3. კიანა როსე ელიოტი (ავსტრალია) 204 კგ (95+109)
ვაჟები
85 კგ
1. ჟიავენ ლიუ (ჩინეთი) 365 კგ (165+200)
2. ანტონიო პიზოლატო (იტალია) 360 კგ (159+201)
3. ფარეს იბრაჰიმ ელბახი (ყატარი) 346 კგ (150+196)