30 ივნისს სამი ქართული გუნდი ითამაშებს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. გია ცეცაძის გაწვრთნილი “სამტრედია” ბაქოში “ბაქსელ არენაზე” აზერბაიჯანის “გაბალას” შეხვდება. პრესკონფერენციაზე ცეცაძემ აღნიშნა, რომ მეტოქეს აფასებს, მაგრამ იცის როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეებიც, თუმცა ხმამაღლა ამაზე არ ისაუბრებს.
“მეტოქის რამდენიმე მატჩი ვნახეთ და გავაანალიზეთ. ბუნებრივია, მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენ შემტევ სტილს ვანიჭებთ უპრატესობას და ყოველთვის მოგება გვსურს. დანარჩენს თამაში დაგვანახვებს. არანაირ შედეგს არ გამოვრიცხავ” – თქვა ცეცაძემ.
“გაბალას” უკრაინელი თავკაცი რომან გრიგორჩუკი: “შარშან ჯგუფურ ეტაპზე გავედით, მაგრამ შედარებებს არ დავიწყებ. ერთ წელიწადში ბევრი რამ, შეიცვალა, მათ შორის, შემადგენლობაც. ისე მოხდა, რომ შეკრება საქართველოში გავიარეთ და წილისყრითაც მეტოქედ ქართული კლუბი გვერგო. მთლიანობაში, მზადებით კმაყოფილი ვარ, ხელმძღვანელობამ კარგი პირობები შეგვიქმნა. “სამტრედია”? თბილისის “დინამოს” ვერ შევადარებ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მეტოქე საინტერესო და სერიოზული გუნდია, არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდება, მაგრამ ვეცდებით, გავიმარჯვოთ”.
“გაბალამ” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიყვანა საპირველეტაპო განაცხადში: სენეგალური წარმოშობის და საფრანგეთის მოქალაქე გაბალი დაბო, რომელიც ფრანგულ “კრეტეიში” თამაშობდა. ის 27 წლის ფლანგელი შემტევია.
“სამტრედიამ” მშვენივრად ჩაატარა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე და ამხანაგურ მატჩებშიც დაამტკიცა, რომ სრულ მზადყოფნაში ხვდება ევროპის ლიგას. მარტო ბუქარესტის “დინამოს” 5:1 დამარცხება რად ღირს.
მატჩს ბელარუსები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი დენის შჩერბაკოვი იქნება.