კალათბურთი

23:30 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთს – დანსტონი, აზერბაიჯანს – კეროლი, ვინ ჩამოვა საქართველოში?

უცნაური ამბავი სომხეთიდან – ამ ქვეყნის მოქალაქეობა თურქული “ანადოლუ ეფესის” ამერიკელმა ფორვარდმა ბრაიანტ დანსტონმა მიიღო და სომხეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მაისურით პატარა ქვეყნების 2016 წლის ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს.

კალათბურთის მოყვარულთათვის დანსტონის გვარი კარგად უნდა იყოს ცნობილი. 30 წლის ფორვარდს კარიერის განმავლობაში პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ღირსებაც დაუცავს, 2014 და 2015 წლებში კი ევროლიგის დაცვითი ყაიდის საუკეთესო მოთამაშედ სახელდებოდა, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა.

ამ ფონზე, ის ფაქტი, რომ დანსტონი აღნიშნულ ტურნირზე ირლანდიის, სან მარინოს, მალტის, გიბრალტარის, უელსის, ანდორის და მოლდოვას ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშებს, ნამდვილაც უცნაურია.

სხვათა სორის, სომხებმა ჩემპიონატზე პირველი მატჩი უკვე ჩაატარეს და მოლდოვას, რომელსაც თბილისში "მერიის თასზეც" უთამაშია, 83:64 სძლიეს, დანსტონმა კი 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

და ერთიც. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის მაისურით მადრიდის “რეალის” წევრი ჯეისი კეროლი თამაშობდა, აგერ, სომხებმა დანსტონი აიყვანეს, ხოლო თუ ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში, ჯერჯერობით, უცნობია.

იმედია, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია იმათზე ნაკლებ ლეგიონერს არ ჩამოიყვანს, როგორებიც თუნდაც საკალათბურთო თვალსაზრისით ძალიან უკან მყოფმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაისაკუთრეს.

0.188736