სხვა

21:21 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიურ-ჩინური ოქროები და მსოფლიოს რეკორდები

თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა - ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებს შორის 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ხოლო გოგონებში – 58 კილოგრამში.

ვაჟებში მსოფლიო კონკურენციაში საქართველოს ნაკრების წევრი ნოდარ კაკაბაძეც ჩაერთო, რომელიც C ჯგუფში გამოვიდა და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამით (133 – ატაცში, 153 – აკვრაში) მეოთხე ადგილი დაიკავა. დაბალშედეგიანთა ჯგუფში ყველაზე მეტი – 290 (135+155) კილოგრამი სამხრეთკორეელმა იუნგ კუნგ კიმმა დააგროვა.

B და A ჯგუფების საერთო შედეგებით კი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი 17 წლის კუბელი ეისონ ლოპეს ლოპესი გახდა, რომელმაც 156-კილოგრამი აიტაცა, 190 აჰკრა და ჭაბუკებს შორის ორივე მოძრაობასა და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს რეკორდები გააუმჯობესა.

ლოპესმა უახლოეს მდევარს – რუს ვიაჩესლავ იარკინს 13 კილოგრამით გაუსწრო. მესამე საპრიზო ადგილი კი კიდევ ერთმა კოლუმბიელმა ბრაიან შანტიაგო კარვახალმა დაიკავა.

გოგონებში პოდიუმი მხოლოდ აზიელმა ძალოსნებმა შეავსეს. ოქროს მედალს ჩინელი ლინგლი ოუ დაეუფლა, რომელმაც ატაცში საჩემპიონო ბრძოლა ტაილანდელ ნავაპორნ დანგსრისთან მხოლოდ პირადი ზედმეტი წონის გამო დათმო. აკვრაში კი პირველსავე ცდაზე 120-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში ჩემპიონობაც უმალ გაინაღდა. ვერცხლი დანგსრის ერგო, ხოლო ბრინჯაო – უზბეკ მუატარ ნაბიევას.

ხვალ თბილისი 2015-ის ტანვარჯიშის დარბაზის ფიცარნაგზე მედლები გოგონებს შორის 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო ვაჟებში – 85 კილოგრამში.

ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები. თბილისი. 28 ივნისი

ქალები

58 კგ

1. ლინგლი ოუ (ჩინეთი) 217 კგ (97+120)

2. ნავაპორნ დანგსრი (ტაილანდი) 211 კგ (97+114)

3. მუატარ ნაბიევა (უზბეკეთი) 207 კგ (95+112)

ვაჟები

77 კგ

1. ეისონ ლოპეს ლოპესი (კოლუმბია) 346 კგ (156+190)

2. ვიაჩესლავ იარკინი (რუსეთი) 333 კგ (153+180)

3. ბრაიან სანტიაგო კარვახალი (კოლუმბია) 331 კგ (151+180)

0.313037