“უიმბლდონის” მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ტურნირის პირველ წრეში რეიტინგის 148-ე ნომერი, შვეიცარიელი ამრა სადიკოვიჩი 6:2, 6:4 დაამარცხა. უმცროსმა უილიამსმა “უიმბლდონის” ტურნირზე მე-80 გამარჯვება მოიპოვა და სულ აღნიშნულ კორტებზე 10-ჯერ აქვს წაგებული.
სერენას 18 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს – 15, ასევე ამერიკელმა 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. უილიამსი ბევრ შეცდომას უშვებდა და არასტაბილურად თამაშობდა, მაგრამ მეტოქე იმდენად სუსტი ჰყავდა, რომ მოგება მაინც არ გასჭირვებია.
შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. უილიამსმა 9-დან 5 ბრეიკი შეასრულა, თვითონ კი თავის ჩაწოდება ერთხელ დაკარგა.
“უიმბლდონის” 1/32-ფინალში სერენა თავის თანამემამულეს კრისტინა მაკჰეილს შეხვდება.