საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “კრილია სოვეტოვში” კიდევ ერთი წლით დარჩება. როგორც სამარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ქართველმა კიპერმა ახალი კონტრაქტი კლუბის ბაზაზე გააფორმა.
“გიორგიმ ჩვენთან თავი კარგად წარმოაჩინა – მას აქვს ყველა ის თვისება, მაღალ დონეზე რომ ითამაშოს. ჩვენი მიზანი კი, გუნდის ხერხემლის შენარჩუნებაა და ლორიაც ერთ-ერთი მათგანია”, - განაცხადა “კრილიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვიტალი შაშკოვმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომენტარი ლორიამაც გააკეთა:
“მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივეთ. სამარაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მინდა პროგრესის გაგრძელება, როგორც ფეხბურთელს და “კრილიაში” ამისათვის ყველაფერი მაქვს. დარწმუნებული ვარ, განვითარება გაგრძელდება, რადგან “კრილია სოვეტოვს” ეს შეუძლია და მეც ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის”, - განაცხადა ლორიამ.
შეგახსენებთ, გიორგი ლორია “კრილია სოვეტოვს” შარშან ზაფხულს შეუერთდა, როცა პირეოსის “ოლიპიაკოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და სამარაში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავიდა. გასულ სეზონში გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგაში 14 თამაში ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებელიც იყო. სხვადასხვა გამოცემის ვერსიით, სამჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.