ფეხბურთი

14:52 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: “არგენტინული ფეხბურთის მმართველებმა მესი გამოიყენეს”

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა კოპა ამერიკის ფინალში მისი ქვეყნის ნაკრების მარცხს და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ლიონელ მესის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა. მარადონა მიიჩნევს, რომ არგენტინული ფეხბურთის მმართველებმა მესი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს და ფეხბურთელის მიერ გაკეთებული განცხადებით, თავიანთი შეცდომები გადაფარეს.

“მესის სიტყვები არგენტინული ფეხბურთის კატასტროფის გადასაფარად გამოიყენეს. ბიჭი აიძულეს ასეთი განცხადება გაკეთებინა, რომ ამით თავიანთი შეცდომები დაეფარათ. დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს მესიზე და არა ფეხბურთის ფედერაციაზე. ეს ხდება ჩილელებთან ზედიზედ წაგებული ორი ფინალის შემდეგ. ჩილეს ნაკრების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს არაა 1974 წლის ფორმაციის ჰოლანდიის ნაკრები. ჩინოვნიკებმა კი მესის განცხადებით საკუთარი თავი გადაირჩინეს” - ციტირებს მარადონას სიტყვებს La Nacion.

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ წააგო კოპა ამერიკის ფინალი ჩილეს ნაკრებთან, რის შემდეგაც მესიმ ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

0.11606