სხვა

22:54 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩხაიძის დაკარგული შანსი - ერთი აკვრა ორ მედლამდე (+VIDEO)

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. ვაჟთა შორის, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული დროშის ქვეშ ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავიდა და მეორე მოძრაობაში – აკვრაში მეორე-მესამე ცდებიდან ერთიც რომ გამოეყენებინა, საპრიზო სამეულში შესვლას ინაღდებდა.

ჩხეიძემ აკვრა 125 კილოგრამით და წარმატებული ცდით გახსნა. შემდეგ შტანგა 5 კილოგრამით დაამძიმებინა და ისევ ადვილად აჰკრა. ბოლოს კი 132 კილოგრამიც დაიმორჩილა და უძლიერესი ა ჯგუფის 10 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. მცირე ოქროს მედალს თურქი აჰმეთ თურან ოკიაი დაეუფლა 139 კილოგრამით. მეორე და მესამე პოზიციები კი იაპონელ მიცუნორი კონაისა (138 კგ) და კოლუმბიელ ხოსე დავიდ მოსკერა ლოზანოს (137 კგ) ერგოთ.

აკვრის საწყის წონად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 167 კილოგრამი შეუკვეთა, რაც მეორე შედეგი იყო. ამაზე მეტით მხოლოდ ამერიკელმა კლარენს კამინგსმა დაიწყო.

გოგა ჩხეიძემ პირველი ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში მინიმუმ ექვსეულში მოხვედრა უმალ გაინაღდა. შემდეგ წონად კი 173 კილოგრამი მოითხოვა, რაც აკვრაში ვერცხლის მედალს მოაპოვებინებდა, ხოლო ორჭიდში ბრინჯაოს. მეორე ცდა დასაწყისშივე გაუცუდდა, მესამე მისვლისას კი შტანგა მხრებიდან ვეღარ აჰკრა.

ატაცის ჩემპიონმა თურქმა აკვრაში ვეღარ ივარგა და საბოლოოდ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. ორჭიდის პოდიუმზე კი კამინგსი, კონაი და კიდევ ერთი იაპონელი მასანორი მიამოტო ავიდნენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი 16 წლის ამერიკელის გამოსვლა იყო, რომელმაც აკვრის მეორე ცდაზე 175 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ამ ასაკობრივ ჯგუფში. ორიოდ წუთში კი ეს რეკორდი კიდევ 5 კილოგრამით გააუმჯობესა. მსოფლიოს ახალი რეკორდია ასევე ორჭიდის ჯამში მის მიერვე დაგროვებული 317 კილოგრამი.

ამრიგად, თბილისურ ჩემპიონატზე აზიელთა ოქროს ჰეგემონია ამერიკელმა შეწყვიტა. ჯერი ევროპელებზეა.

ძალოსნობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

27 ივნისი

ვაჟები

69 კგ

1 კლარენს კამინგსი (აშშ) 317 კგ (137+180)

2 მიცუნორი კონნაი (იაპონია) 305 კგ (138+167)

3 მასანორი მიამოტო (იაპონია) 305 კგ (135+170)

0.232741