სხვა

12:18 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სუმოს ისტორიული ბანძუკე – ტოჩინოშინი სეკივაკეა!

პროფესიული სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ქართული სუმოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა დაფიქსირდა. რანგით მე-3 ანუ სეკივაკეს წოდება მიიღო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რაც არა მარტო – მის, არამედ სრულიად ქართველ სუმოისტთა კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე ქართველების მაქსიმალური მიღწევა კომუსუბის წოდება (რანგით მე-4 ტიტული) გახლდათ. ტოჩინიშინი ამ ტიტულს 7-ჯერ ატარებდა, ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი კომუსუბი 2-ჯერ გახლდათ, ერთხელ კი, აღნიშნულ სიმაღლეს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელიც შესწვდა.

ამჯერად, 28 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის სეკივაკე გახდა (აღმოსავლეთის სეკივაკედ ბრაზილიელი კაისეი დასახელდა), რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ სუმოში მათ წინ მხოლოდ იოკოძუნები – ჰაკუჰო, კაკურიუ, ჰარუმაფუჯი და ოძეკები – კისენოსატო, კოტოშოგიკუ, გოეიდო და ტერუნოფუჯი არიან.

სამწუხაროდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ელიტარული მაკუუჩი დივიზიონიდან რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოს დაუბრუნდა გაგამარუ. ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის პირველი ნომრის წოდებას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, ელიტას დაუბრუნდება.

მომდევნო სუპერტურნირი – ნაგოიას ბაშო სტარტს 10 ივლისს აიღებს და ტრადიციულად 15 დღეს წარიმართება.

0.115601